შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ უწყების მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, საქმის მიმდინარეობის ფარგლებში განხორციელდა დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებული პირისა და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების ბინების და ავტოფარეხების ჩხრეკა.
„გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის მიმდინარეობის ფარგლებში საგამოძიებო ჯგუფის მიერ თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებული პირისა და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების ბინების და ავტოფარეხის ჩხრეკა. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადების წესი. დისტანციური ასაფეთქებელი ნივთიერების ასაფეთქებლად საჭირო ნივთები, დისტანციური პულტები, ელექტროსადენები და სხვადასხვა დეტალები, დაზარალებული გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ერთი პირი დააკავა. ასევე, მოქალაქე თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით სსკ-ის 19-109-ე მუხლებით 1960 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა", - აცხადებენ უწყებაში.