logo_geo
eng_logo
ელდარ ნადირაძე: რა უნდა, რა სურს ამ ბოღმით გატენილ, გულნამცეცა ხალხს?...
- +

17 ოქტომბერი. 2016. 13:46



ამ დილით თვალი გადავავლე პრესას. რა შთაბეჭდილება დამრჩა?


დღეს რომ ერთი ჯადოსნური კვერთხის აქნევით, ქართული სახელმწიფო პოლიტიკური და ეკონომიკური დიდება უმაღლეს რანგში ავიდეს, მის მაგინებელთა რიცხვი ერთითაც არ შემცირდება.


რა უნდა, რა სურს ამ ბოღმით გატენილ, გულნამცეცა ხალხს, ამათ როგორ გინდა თავი მოაწონო, სადაც თვითონ არ არიან, იქ ყველაფერი დაღუპულია და განწირული. ესაა და ეს უმთავრესი მიზეზი ამათი ნერვიული აშლილობისა.


ერთპარტიულობა და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის პრობლემა ადგას ყველას პირზე, თითქოს ეს შემთხვევა საქართველოში მოხდა პირველად.


საქართველოს ამომრჩეველმა თავისი ნება ასე გამოხატა, ეს გადაწყვეტილება არ მოგწონთ? მაშინ გააუქმეთ თქვენ, ყოვლისმცოდნე გვამებმა, ეს არჩევანი და ხალხზე მიფურთხებით ახალი პარლამენტი აირჩიეთ.


დასხედით ერთად და მოიწვიეთ თქვენს პარლამენტში ბერძენიშვილი ლევონი, ჩერგოლეიშვილი, გიგაურ-ლომჯარიას წყვილი, უჩა ნანუაშვილი, თამარ კორძახია, ცისფერი ვაჭარაძე, გოგი გვახარია, ლაშა ბუღაძისა და ლაშა ბაქრაძის ტანდემი, დავით ზურაბიშვილი, გია ნოდია, თევზაძე არ ჩანს და იქნებ მონახოთ და ჩაიზიაროთ, ამ გუნდს ზაზა ბურჭულაძე და ერეკლე დეისაძეც დაამშვენებენ და კიდევ ბევრი ასეთი ინტელექტუალი, ისე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოთ, ჩაუყენეთ ამათ სათავეში ახალი ჩერჩილი - ზაზა ფირალიშვილი, მოადგილედ დაუნიშნეთ სარჯველაძე და ისეთ პარლამენტს მიიღებთ, მსოფლიო რომ არ მოსწრებია. გაბრწყინდება საქართველოს პოლიტიკური კულტურა, მისი ეროვნული ღირსება და ტრადიციები. ეჭვი არ მეპარება: ასეთი შემადგენლობით მსოფლიო პარლამენტარიზმი ახლიდან დაიწყებს თავისი ისტორიის ათვლას.


მსოფლიოს კლასიკური დემოკრატიული სახელმწიფოების საბერძნეთისა და რომის ისტორია გვასწავლის, რომ როცა სახელმწიფოს უჭირს, სწორედაც რომ ერთმა გამორჩეულმა, ხალხისაგან არჩეულმა ძალამ უნდა აიღოს ხელში ძალაუფლება, მან უნდა იკისროს ყველანაირი პასუხისმგებლობა იმ ხალხის წინაშე, ვინაც ისინი აირჩია. ამის შეცვლა შეუძლებელია, ამის გაუმებას ვერავინ შეძლებთ და თქვენ რატომ ჰკივიხართ ყოვლად უნიადაგოდ, თანაც გაბოროტებით?


მსოფლის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტთა უდიდეს უმრავლესობაში არის ერთი გამორჩეული პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით და ფაქტობრივათ ის იღებს გადაწყვეტილებასა და პასუხისმგებლობასაც ქვეყნის მართვის შედეგებზე, რატომაა ეს მიუღებელი და საზიანო ჩვენთვის? გაუგებარია...


გონივრული და მართალი პასუხი არცერთი მათგანის ოპონირებაში არა ჩანს. ცხადზე უცხადესია, რომ ამ გაბოროტებული ოპონენტების რეაქცია ნასაზრდოებია არა თანალმობითა და ქვეყნის უკეთეს მომავალზე ფიქრით, არამედ პირად ინტერესებზე დამყარებული ბოღმით.


მათდა სამწუხაროდ და პირში ბურთის ჩასაჩრელად „წილი ნაყარია" და კარგად უთქვამს იმას, ვინაც თქვა: „ხმა ღვთისა და ხმა ერისაო".



საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ელდარ ნადირაძე

 

 








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner