17-18 მარტს თბილისს, ყოველწლიური კონკურსის ,,მსოფლიოს წლის მეწარმე" 2015 წლის გამარჯვებული ბიზნესმენი, მწერალი და ფრანგული ელიტური სარაგბო კლუბის პრეზიდენტი მოედ ალტრადი ეწვევა. სირიული წარმოშობის ფრანგი მილიარდერი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა" და EY საქართველოს მოწვევით ჩამოდის.
მოედ ალტრადი საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატის გაცნობის მიზნით მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
სხვადასხვა კომპანიების შესყიდვისა და წარმოების ზრდის საშუალებით მოედ ალტრადმა საკუთარი ბიზნესი მთელ იმპერიად აქცია. გასულ წელს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში „ალტრად ჯგუფის" შვილობილ კომპანიებში 17, 000 ადამიანი იყო დასაქმებული. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ დაახლოებით 1,6 მილიარდი ევრო შეადგინა.
,,ბედუინი, რომელიც ბიზნესმენად იქცა"- ასე ახასიათებს მსოფლიო პრესა სირიის უდაბნოში დაბადებულ ფრანგ მოედ ალტრაიდს, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს. საკუთარი ცხოვრების შესახებ მილიარდერი ავტობიოგრაფიულ რომანში ,,ბადავი" ყვება, რომლის პრეზენტაციასაც მოედ ალტრადი ხვალ, 19:00 საათზე თავისუფალ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის გამართავს. „ბადავი" (ბედუინი) ასახავს ისტორიას, თუ როგორ მოახერხა სიღატაკეში დაბადებულმა ბედუინმა მიეღო განათლება, მიეღწია წარმატებისათვის და საბოლოოდ მილიარდერად ქცეულიყო. დღეს ,,ბადავი" საფრანგეთის სკოლებში მოსწავლეებში მეწარმეობის სულისკვეთების გაზრდის მიზნით ისწავლება. წიგნი ქართულ ენაზე უკვე ითარგმნა და მალე გამოიცემა.
მწერლობის პარალელურად, 68 წლის მილიარდერი მოედ ალტრადი რაგბის დიდი ქომაგია. სწორედ ამიტომ მას სპორტულ სამყაროში ,,რაგბის ბედუინსაც" უწოდებენ. მისი ვიზიტი საქართველოში, ასევე მნიშვნელოვანია ქართული რაგბის განვითარების მიმართულებითაც. მილიარდერი ბიზნესმენი თავად ფლობს ფრანგული რაგბის ელიტარულ გუნდს „მონპელიე" და, ამავე დროს, მისი პრეზიდენტიც არის. თბილისში ვიზიტისას გააფორმებს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, როგორც საქართველოს რაგბის კავშირთან, ისე ქუთაისის რაგბის კლუბთან „აია".
მემორანდუმის ფარგლებში მოხდება რაგბის აკადემიისა და ქუთაისის კლუბის „აიას" განვითარება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: რაგბის მწვრთნელებისა და მენეჯერების გადამზადება, ახალგაზრდა მოთამაშეების ურთიერთგაცვლა, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ე.წ სპარინგ მატჩების ორგანიზება, საფრანგეთიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ საგანმანათლებლო სახის სემინარები რაგბის მოთამაშეების ცოდნის ამაღლების კუთხით, ტექნიკური დახმარება ფიტნესისა და კვების თანამედროვე ტენდენციებთან დაკავშირებით, აგრეთვე სხვა საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს რაგბის მოთამაშეებსა და ზოგადად, მოცემული სპორტის განვითარებას.
ხვალვე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში ბიზნესმენი მოინახულებს მცხეთას და ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებს.