შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე საქართველოში არ ჩამოვიდა. უკრაინის შსს-ს ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი საქართველოში ჩამოსვლას 15 ოქტომბერს გეგმავდა, თუმცა მან საქართველოში დაბრუნება გადაიფიქრა.
ლორქიფანიძის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, ლორთქიფანიძემ საქართველოში დაბრუნება იმის გამო გადაიფიქრა, რომ პროკურატურამ და სასამართლომ მისი გამოძიებასთან თანამშრომლობის გარემოება არ გაითვალისწინეს და წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეს ბრალი 2011 წლის 26 მაისის საქმეზე აქვს წაყენებული. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. სასამართლო პროცესზე, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს, გია ლორთიქიფანიძის ადვოკატმა, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მთავარი პროკურატურის მიმართ გამოგზავნილი ლორთქიფანიძის წერილები წაიკითხა, სადაც ის აცხადებდა, რომ 15 ოქტომბერს მის ამჟამინდელ სამსახურში შვებულებას იღებდა და ამავე დღეს აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. ადვოკატმა სასამართლოს მტკიცებულების სახით ლორთქიფანიძის მიერ შეძენილი თვითმფრინავის ბილეთიც წარუდგინა.