„ეროვნულმა ფორუმმა" არჩევნები დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი არჩევნებისთვის, ახალი პოლიტიკური პროცესისთვის ვემზადებით და ეს მეორე ტური ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი არ არის", - განაცხადა „ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი მიროტაძემ გადაცემა 2030-ში.
„აქედან გამომდინარე, ჩვენს ამომრჩეველზე არანაირ ზეწოლას არ მოვახდენთ. ანუ, არცერთი ძალის სასარგებლოდ არ მოვუწოდებთ. თუ ჩვენი ამომრჩევლები არჩევნებზე წავლენ, ისინი არჩევანში თავისუფალნი იქნებიან", - განაცხადა მიროტაძემ.
მისი თქმით, სახელისუფლებო სისტემამ, რომელმაც არჩევნები ჩაატარა, სხვა პარტიების განდევნას შეუწყო ხელი და ამით პარლამენტში ორი ძლიერი პარტია შევიდა.
„განცხადება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შიშით მხარი აუცილებლად „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა დავუჭიროთ, აბსურდია. როგორ შეიძლება, მხარი „ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირო?! ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენ სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით და ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვერანაირად ვერ შევუწყობთ ხელს იმას, რასაც სამწუხაროდ, ხელი „ქართულმა ოცნებამ" შეუწყო, როცა „ნაციონალური მოძრაობა", როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა დააკანონა. სახელისუფლებო სისტემამ, რომელმაც არჩევნები ჩაატარა, ჩვენნაირი პარტიების განდევნას შეუწყო ხელი, რის შედეგადაც, პარლამენტში ორი ძლიერი პარტია შევიდა", - განაცხადა განაცხადა „ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ე.წ დემონიზაცია „ქართული ოცნების" პიარსტრატეგიის შემადგენელი ნაწილი იყო.
„როგორც კი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია გაჩნდა, ანუ მისი ე.წ დემონიზაცია დაიწყო, მაშინვე მივხვდი, რომ ეს „ქართული ოცნების" პიარსტრატეგიის შემადგენელი ნაწილი იყო. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. „ქართული ოცნება" „ნაციონალურ მოძრაობასთან" ძალიან სერიოზულ მორალურ უპირატესობას გრძნობს და მისთვის ეს მოცემულობა კომფორტულია. პარლამენტში არ იქნებიან სხვა პოლიტიკური პარტიები. იქნება „ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა" და იქნება „პატრიოტთა ალიანსი", რომელიც 6 კაცის შემადგენლობით პოლიტიკურ პროცესებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს", - განაცხადა მიროტაძემ.
მისი თქმით, საჭიროა კლასიკური ევროპული პარტიის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს პარლამენტს გარეთ არსებული რესურსის თავმოყრას და პოლიტიკურ პროცესს უფრო ჯანსაღს გახდის.
„ძალიან ბევრი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ლიდერი პარლამენტს გარეთ დარჩა. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებენ და ჩვენ მათ კლასიკური ევროპული პარტიის შექმნა შევთავაზეთ, რაც არჩევნებამდე არ გავაკეთეთ და, რაც ჩვენი შეცდომა იყო. ასეთი პარტია არა მარტო პარლამენტს გარეთ არსებული რესურსის თავმოყრას შეუწყობს ხელს, არამედ ზოგადად, პოლიტიკურ პროცესს უფრო ჯანსაღს გახდის", - განაცხადა ანი მიროტაძემ.