logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ვიწყებთ მზადებას რეფერენდუმის ჩასატარებლად!
- +

16 თებერვალი. 2016. 17:14


„ასავალ-დასავალის" წინა ნომერში ექსკლუზიურად გამოვაქვეყნეთ საკონსტიტუციო შესწორების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების გამორიცხვას და კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ეს საკანონმდებლო ინიციატივა გასულ კვირას - 8 თებერვალს - მოძრაობა „ეროვნულებმა" პარლამენტში შეიტანეს და 76 დეპუტატის ხელმოწერა იყო საჭირო, რომ საკითხი კენჭისყრაზე დამდგარიყო. როგორ განვითარდა მოვლენები და მოაწერეს თუ არა ხელი დეპუტატებმა საკონსტიტუციო შესწორების პროექტს? - ამის შესახებ მოძრაობა „ეროვნულების" ერთ-ერთი ლიდერი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე გვესაუბრება:


- განცხადებების დონეზე ბევრი დეპუტატი გამოხატავს პოზიციას, რომ კონსტიტუციაში ოჯახთან დაკავშირებული შესწორება უნდა შევიდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა საქმეში ვერ გადაიზარდა.


არადა, ბატონმა ზვიად ტომარაძემ საკონსტიტუციო შესწორების პროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ 5 თვის წინათ შეიტანა. ჩვენს დეპუტატებს ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხი გვერდზე რომ არ გადაედოთ და დროულად ემოქმედათ, საქართველოს კონსტიტუციაში დღეს უკვე გვექნებოდა ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.


- მოძრაობა „ეროვნულების" მიერ პარლამენტში გასულ კვირას შეტანილ კანონპროექტს არცერთმა დეპუტატმა არ მოაწერა ხელი?

 

- პირველი და ერთადერთი დეპუტატი, ვინც ჩვენ მიერ შეტანილ საკონსტიტუციო შესწორების პროექტს ხელი მოაწერა, „ქართული ოცნების" ფრაქციის წევრი ბატონი ომარ ნიშნიანიძე გახლავთ.


პირდაპირ გეტყვით - საპარლამენტო უმრავლესობიდან არაორაზროვნად მიგვანიშნეს, ოჯახთან დაკავშირებული საკონსტიტუციო შესწორების პროექტს ჩვენი ინიციატივა თუ არ ერქმევა, ისე ხელს არ მოვაწერთო!


- როგორც კი თქვენ პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორების პროექტი შეიტანეთ, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ მეორე დღესვე განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობას ასეთი პროექტი უკვე მზად აქვს და მუშაობაც დაწყებულია, რათა კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის  ერთობა არისო. თქვენთვის პრინციპული საკითხია, რომ მაინცდამაინც მოძრაობა „ეროვნულების" ინიციატივა გავიდეს და არა - საპარლამენტო უმრავლესობის?

 

- კიდევ ერთხელ ვამბობ - ჩვენთვის უმთავრესია, კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს და ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, ხოლო ვისი ინიციატივით მოხდება ეს და ვინ დაიწერს პოლიტიკურ ქულებს, პირადად ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს!


როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით უსუფაშვილი და რესპუბლიკური ფრაქციის წევრები დღემდე ჭოჭმანობენ, დაუჭირონ თუ არა მხარი საკონსტიტუციო შესწორებას!


დიახ, სწორედ რესპუბლიკელების ჭოჭმანის გამოა ეს საკითხი შეჩერებული, თორემ „ქართული ოცნების" დეპუტაციის ამბსოლუტურ უმრავლესობას ერთი სული აქვს, საკონსტიტუციო შესწორების პროექტს ხელი მოაწერონ!


ბატონ დავით უსუფაშვილს სოციალური ქსელის მეშვეობით საჯაროდ მივმართავ და ახლა „ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან კიდევ ერთხელ ვეუბნები - თუ პარლამენტში თვითონვე მოახდენს ინიცირებას, რომ კონსტიტუციაში ოჯახთან დაკავშირებული შესწორება შევიდეს, დაე, იყოს ეს მისი ინიციატივა, მე ხმას არ ამოვიღებ!


მეტიც, თანახმა ვარ, ამ ინიციატივას ნებისმიერი ადამიანის - თუნდაც ჩიორა თაქთაქიშვილის ან ლევან ბერძენიშვილის სახელი დაერქვას, ოღონდ შედეგი მივიღოთ და საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება კონსტიტუციის ძალით ავკრძალოთ!


როგორც ვიცი, სამშაბათს, 16 თებერვალს, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება. ჰოდა, განიხილონ ეს საკითხი, დაიწყონ საპარლამენტო პროცედურები, „ეროვნულები" კი ბრძოლას უკვე სხვა ფრონტზე გავაგრძელებთ.


- რას გულისხმობთ?

 

- საკონსტიტუციო შესწორების პროექტზე 76 დეპუტატის ხელმოწერა ხვალვე რომ შეგროვდეს, ამ მოწვევის პარლამენტი, პროცედურული წესებიდან გამომდინარე, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მაინც ვერ მოასწრებს და ეს საკითხი მომდევნო მოწვევის პარლამენტს ექნება განსახილველი.


ეს რომ არ მოხდეს, მოძრაობა „ეროვნულები", საინიციატივო ჯგუფთან ერთად, რომლის შემადგენლობაც ძალიან მალე გამოცხადდება, ვიწყებთ მზადებას რეფერენდუმისათვის, რომლის კითხვაც იქნება - თანახმა ხართ, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?


უახლოეს დღეებში მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა სარეფერენდუმო კითხვა რეგისტრაციაში გატარდეს და მთელი საქართველოს მასშტაბით დავიწყებთ რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭირო 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას, რისთვისაც მაქსიმუმ 2-3 კვირა დაგვჭირდება.


დიახ, საქართველოში აუცილებლად ჩატარდება რეფერენდუმი და ერთხელ და სამუდამოდ მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ სრულიად ქართველი ერი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგია!


- კი მაგრამ, როცა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი და „ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე საქვეყნოდ აცხადებს, კონსტიტუციაში შესწორების შესატანად მზად ვართო, რეფერენდუმის გამართვა რაღა საჭიროა?

 

- დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გია ვოლსკის და საპარლამენტო უმრავლეობის იმ წევრებს, რომლებიც ჩვენს პოზიციას იზიარებენ და აცხადებენ, რომ კონსტიტუციაში ოჯახთან დაკავშირებული შესწორების შეტანა აუცილებელია, თუმცა, ჩვენ არ ვიცით, როგორი შემადგენლობისა და რა კონფიგურაციის იქნება მომავალი პარლამენტი!


არც ის იცის ვინმემ, დეპუტატები, რომლებიც ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში, მხარს უჭერენ ერთსქესიანა ქორწინების დაკანონების აკრძალვას, რა პოზიციას დაიკავებენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა სადეპუტატო მანდატები უკვე ჯიბეში ედებათ!


- ფიქრობთ, რომ ვოლსკი და სხვა დეპუტატები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოზიციას შეიცვლიან?

 

- დარწმუნებული ვარ, რომ არც ბატონი გია ვოლსკი, არც ბატონი ზვიად ძიძიგური და სხვები ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით პოზიციას არ შეიცვლიან, მაგრამ არავინ იცის, მათნაირად მოაზროვნე ადამიანები მომავალ პარლამენტში უმრავლესობაში იქნებიან თუ არა?!


საპარლამენტო არჩევნებს, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება" მოიგებს, მაგრამ საკითხავია - როგორი იქნება „ქართული ოცნების" შემადგენლობა?!


ამიტომაც ჯობს, საქმე სამარჩიელოდ არ გავიხადოთ და დღესვე გადავწყვიტოთ ის, რისი სახვალიოდ გადადებაც არ ეგების!


და კიდევ, საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ნაციონალური მოძრაობა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის წინააღმდეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაციონალები ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ემხრობიან!


დიახ, ყველა მოქალაქემ, ვინც არჩევნებზე მისვლასა და ნაციონალური მოძრაობისათვის ხმის მიცემას აპირებს, კარგად უნდა გაითავისოს, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების აპოლოგეტებს აძლევს ხმას!


- რეფერენდუმის ჩატარება მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მოესწრება?

 

- დიახ, ვადები როგორც უნდა გაწელონ, რეფერენდუმის ჩატარება საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც მოესწრება!


მოგეხსენებათ, რეფერენდუმის შედეგები სავალდებულოა და მომავალი პარლამენტი, როგორი შემადგენლობისაც უნდა იყოს იგი, იძულებული იქნება, მოსახლეობის ნება გაითვალისწინოს და კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა!


დაბოლოს, დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ გარკვეულ ჟურნალისტურ წრეებს - პრესის მავან მუშაკებს - დიდ ფულს უხდიან, რათა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ მებრძოლი და საკონსტიტუციო შესწორების მომხრე ადამიანების წინააღმდეგ ბინძური მასალები გამოაქვეყნონ, რაც თავად პრესის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, თუმცა, მინდა, გავაფრთხილო, რომ არაფერი გამოუვათ!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner