logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხმალაძე: არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ახალ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ კონსტრუქციული იქნება
- +

18 ოქტომბერი. 2016. 00:15


 


არჩევნების შედაგად პარლამენტში პოლარიზებული სპექტრი მივიღეთ. ფაქტიურად, ჩვენ ორპარტიული პარლამენტი გვყავს, რადგან მესამე ძალის წარმომადგენლობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ისინი რეალური ზეგავლენის მოხდენას ვერ შეძლებენ", - აღნიშნული განცხადება gds-ის ეთერში „რესპუბლიკელმა" ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა.


ქართულ ოცნებას" 75%-იანი, ან დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტპროცენტიანი უმრავლესობა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა ამ ერთ პარტიას სრული ძალაუფლება, კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა გადასცა. ეს პარტია ცდუნების წინაშე აღმოჩნდა, როცა შეუძლია, არავის მოელაპარაკოს, არავის არაფერი შეუთანხმოს და ოპოზიციამ რაც უნდა თქვას, ყველაფერი ერთპიროვნულად გადაწყვიტოს. ხიფათი სწორედ ამაშია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ერთპარტიული უმრავლესობა ამგვარად მოქცევის ცდუნებას დიდხანს ვერ უმკლავდება. ამის მაგალითი ორჯერ გვქონდა. პირველი ეს იყო „მრგვალი მაგიდის", მეორე კი - „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება", - განაცხადა ხმალაძემ.


მისი თქმით, თუ უმრავლესობის მქონე პარტია არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს თავად ამ პარტიას დაარტყამს და მისი ლუსტრაცია მოხდება.


საერთოდ ცნობილია, რომ დიქტატურა ყველაზე უფრო ეფექტიანი, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე უფრო სახიფათოა და თუ ხელისუფლებას შეეშალა, ამ შეცდომას უარყოფითი მოვლენების ჯაჭვი მოჰყვება ხოლმე. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ცდუნებას არ აჰყვა და ყველა ნაბიჯი სწორად გადაიდგა, ეს ძალიან ეფექტიანი მმართველობა იქნება, რადგან კანონების მიღებაზე დიდი დრო არ დაიხარჯება. როცა კონკრეტულ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს და მისგან რაღაც გადაწყვეტილების მიღებას, მაგალითად, კონსტიტუციის რომელიმე ნორმის შეცვლას ითხოვენ, შესაძლოა, თავად მას ამ ცვლილების მიღება არ უნდა, მაგრამ ამბობს, რომ უნდა, ამისთვის კი ხმები არ ჰყოფნის და ეს მისი ბრალი არ არის. თუ ამ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, ის ამ საბაბს ვეღარ გამოიყენებს", - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის" წევრმა.


როგორც მან აღნიშნა, თუ „ნაციონალური მოძრაობა" მეტი წევრებით იქნება წარმოდგენილი, მათ არაკონსტრუქციული მოქმედების მეტი საშუალება ექნებათ.

 

„4 წელი ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობა" იყო და მათი მხრიდან საკანონმდებლო პროცესის მიმართ კონსტრუქციული მიდგომა არ მახსენდება. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ ახალ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა" კონსტრუქციული იქნება", - განაცხადა ხმალაძემ.


ვახტანგ ხმალაძემ ასევე აღნიშნა, რომ რადგან რამდენიმე ოლქის გარდა, მეორე ტურში „ქართული ოცნების" ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობაა", არჩევანს ამის მიხედვით გააკეთებს.


მე მხარს დავუჭერდი „თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატს და სხვასაც ამისკენ მოვუწოდებდი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს რაც შეეხება, აქ ასე ვერ მოვიქცევი, რადგან კარგად მახსოვს მათი პოზიციები როგორც 9-წლიანი მმართველობის დროს, ასევე წინა 4 წლის განმავლობაში, როცა ისინი ოპოზიციაში იყვნენ. მე დავფიქრდებოდი, ხომ არ სჯობს „ქართულ ოცნებას" ბარემ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს, რომ საკითხის გადაუწყვეტლობის შემთხვევაში, ოპოზიციისკენ ხელის გაშვერა ვერ შეძლონ. „რესპუბლიკელების" ამომრჩეველი ბევრი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ისინი საკმარისად გონიერები არიან, გადაწყვეტილებას თავიანთი ანალიზის საფუძველზე მიიებენ და არა იმის მიხედვით, ჩვენ რას ვუკარნახებთ. ამიტომ,  მე მათ  არ ვაკადრებ რეკომენდაციას, თუ ვის უნდა დაუჭირონ მხარი", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner