„საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებით ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა ხდება", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
„თუ ამომრჩეველი მეორე ტურში გადაწყვეტს, რომ მანდატების უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" მიაკუთვნოს, არ მესმის, მისი ნების წინააღმდეგ რატომ უნდა წავიდეთ?! საკონსტიტუციო უმრავლესობა თავისთავად პრობლემა არ არის, თუ ეს ხალხის ნებას გამოხატავს და დემოკრატიულ პრინციპებს საფრთხე არ ემუქრება. 2008 წელს პრობლემა ის კი არ იყო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა, არამედ - ის, რომ ხელისუფლებაში ეს პარტია იყო", - განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, დღევანდელი სახით არსებული კონსტიტუცია „ნაციონალური მოძრაობის" მიერაა მიღებული, რითაც ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დაცვა პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა.
„არ ვიცი, ეს ვინმეს დაავიწყდა თუ არა. თუ ჩვენ ბალანსის დაცვას ვახერხებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გვაქვს. წინა მოწვევის პარლამენტში, „ნაციონალურმა მოძრაობამ" სუპერძლიერი პრემიერმინისტრის მოდელი შემოიღო, რაც სააკაშვილისთვის მზადდებოდა და ამით ხელისუფლების დანაწილების პრინციპი დაარღვია. საფრთხე არა კონსტიტუციის შეცვლა, არამედ ამ მოდელის კონსტიტუციის დატოვებაა, რადგან ამ მოდელით ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი დარღვეულია. თუ ჩვენი ხელისუფლება დემოკრატიულ პრინციპებს იცავს, იცავს იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ნებაა. ასე რომ, თუ ვინმე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გვჭირდება, არგუმენტებიც უნდა მოაყოლოს, რატომ არ გვჭირდება", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც მან აღნიშნა, ის, ვინც აცხადებს, რომ მეორე ტურში ხმა „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა მივცეთ, აპრიორი „ნაციონალური მოძრაობის" ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური ძალაა.
„კეთდება განცხადებები, რომ მეორე ტურში ხმა ხმა „ქართულ ოცნებას" არ უნდა მივცეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა მივცეთ, რადგან მეორე ტურში ოპონენტი ყველგან „ნაციონალური მოძრაობაა". ვინც დღეს ამას ამბობს, ის აპრიორი „ნაციონალური მოძრაობის" ან მეგობარია, ან ახლობელი, ან მის ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური ძალა. ეს ძალიან მარტივია და პოლიტიკურ კეკლუცობას ნურავინ დაიწყებს. პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები ალბათ, „ქართული ოცნებისადმი" სიძულვილმა, ან „ნაციონალური მოძრაობისადმი" სიახლოვემ გააერთიანა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.