ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს:
„ნინუცამ მიამბო, რის მოყოლასაც ახლა ვაპირებ. დიდხანს კი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა, მაგრამ მაინც იყოს აქ-მეთქი, დავასკვენი ბოლოს, როგორც ერთი ჩემს აპოლიტიკურ სტატუსთაგან.
ცოტა ხნის წინ ტასო ჰყავდა ექიმთან მიყვანილი, მარტო იყვნენ, მე სამსახურში ვიყავი. ყოფითი რუტინა იყო, საგანგებო და განსაკუთრებული არაფერი, ორის ძალისხმევას არ საჭიროებდა.
მიყვება, ერთ მამაკაც ექიმთანაც მომიწია შესვლა, ტასოს სინჯავდა, ძალიან თბილად ელაპარაკებოდა და ტასოც კარგ ხასიათზე დადგაო.
მერე ექიმს უთქვამს, სანამ მე ვსინჯავ, თქვენ ანკეტა გახსენით და ფული გადაიხადეთ რეგისტრატორთანო. წასულა ნინუცა, ექიმს და ტასოს გაუგრძელებიათ ბაასი.
ის-ის იყო, რეგისტრაციის ამბები გავარკვიე და 30 ლარის გადასახდელად მოვემზადეო, რომ უცებ ის ექიმი გამოდის ჩქარი ნაბიჯებითო და მეუბნება - არაა საჭირო რეგისტრაცია, წამობრძანდითო.
ეს მითხრა და ხელიდან ააძრო რეგისტრატორს ანკეტაო. შევყევი ოთახში ოდნავ გაოცებული და მითხრაო - არაფერი არაა საჭირო, კარგად იყავითო, თან, რაღაც წამლები გამოწერაო. ვერ ვუთხარი ვერაფერი, მადლობის გარდა და როცა მანქანაში ჩავჯექით, რაღაც ვიეჭვე და ტასოს ვკითხე, რაზე გელაპარაკებოდა ექიმიო.
თურმე, ტასოსა და ექიმს შორის, ნინუცას არყოფნაში გამართული დიალოგის დროს ექიმს უკითხავს ტასოსთვის, ყველაზე მეტად რა გინდა, რომ გქონდესო.
ერთი დიდი თოჯინაო, ტასოს უთქვამს, ეგ მინდა, რომ მყავდესო.
ჰოდა, აი, დედიკო გიყიდისო, დაუყოლებია ექიმს.
ტასოს უპასუხია, დედიკო ახლა ვერ მიყიდის, ველაპარაკე უკვე და ხელფასს რომ აიღებს, მერე მიყიდის აუცილებლად, ასე მითხრაო. როდის ელაპარაკე დედიკოსო და დღეს ველაპარაკე, მანქანაშიო.
ამის შემდეგ ამდგარა ეს კაცი და გამოსულა ნინუცასთან, რეგისტრაციაში 30 ლარი რომ არ დაეხარჯინებინა, თან, იმდენად ტაქტიანად მოქცეულა, რომ ისიც კი არ დაუყოლებია - მაგ ფულით ბავშვს თოჯინა უყიდეო...
აი, ხომ არაფერი, მაგრამ მახსოვს, როგორ გამითბა გული და ამიჩუყდა, როცა ეს მიამბო.
ჰოდა, აი, მოვიტანე თქვენამდე, ექიმებზე ხომ კარგ ამბებს გადაჩვეული ვართ თითქოს, გამონაკლისის გარდა".