8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოების ყურადღება ზუგდიდისკენ იყო მიპყრობილი, სადაც „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ედიშერ თოლორაიას „ნაციონალური მოძრაობიდან" ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დაუპირისპირდა.
არჩევნების პირველი ტური საინტერესო შედეგით დასრულდა - ედიშერ თოლორაიამ სანდრა რულოვსს 307 ხმით აჯობა. სანდრა რულოვსმა, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ, ეს მარცხი „ტყის ძმების" ყოფილი მეთაურის დათო შენგელიას აქტიურობას მიაწერეს.
ბრალდებებს დათო შენგელია „კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში პასუხობს და აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური ჰალუცინაციები დაეწყო.
„სად მნახეთ არჩევნების დღეს მე?! უჩინმაჩინის ქუდი ხომ არ მეხურა?! ჯერ ერთი, ავად ვარ, მეორე, არც ის არის გასაკვირი, თუ სადისტებსა და მწვალებლებს მხარს არ ვუჭერ.. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ მიწყობს, ფიზიკურად ვერ ჩავედი სამეგრელოში. იქნებ ჩემი ორეული დადის სადღაც და არ ვიცი. თხილის ქარხანა ჩემი და ჩემი მეგობრების არის, მაგრამ ის მოკროავტობუსები და შეიარაღებული კაცები ვინ ნახა?! ან თუ ნახეს, ერთი ფოტოსურათი ან ვიდეომასალა ვერ გადაიღეს?!" - განაცხადა შენგელიამ.
შენგელია აბსურდს უწოდებს დამენიას განცხადებას, რომლის თანახმადაც შენგელიამ გამოიყენა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა, რომელთა მეშვეობითაც „სომხური კარუსელი" დატრიალდა.
„წესით, დამენიას ამ განცხადების გამო უნდა ვუჩივლო. მას რა უფლება აქვს, რომ დევნილ მოსახლეობას ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს. ასე დაუსაბუთებელ ლაპარაკს არ სჯობდა, ჩემი მხარდამჭერების იდენტიფიცირება მოეხდინა?! ისინი ჯერ კიდევ 2012 წელს მაბრალებდნენ, რომ ზუგდიდში ჯარი მყავდა მობილიზებული. სოფელ ურთაში სათბურები მართლაც მაქვს, სადაც 65 წელს გადაცილებული ქალები მუშაობენ. ჩანს, ეს ქალები „ჯარად" მოეჩვენათ. „ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური ჰალუცინაციები დაეწყო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს სატანები არ მოვიდნენ ხელისუფლებაში და „ოცნების" ხალხმა გაიმარჯვოს. წინასწარ ვაცხადებ - ძალადობა გამორიცხულია, საერთოდ, თუკი სადმე ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა, ყველგან „ნაციონალური მოძრაობის" პროვოცირებული იყო. ჯობია, თვით „ნაციონალებმაც" კარგად გააანალიზონ და გაიგონ, მიშა მხოლოდ გივი თარგამაძეს კი არ გაწირავს, თუ დასჭირდა, თვით სანდრასაც ააფეთქებს! იმას ვერ ვხვდები, რატომ ვაძლევთ ამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს იმის უფლებას, მხარდამჭერებს საქართველოში არეულობისკენ მოუწოდოს?! ხომ აშკარაა, რომ მას ყველაფერი ფეხზე ჰკიდია და ამიტომ არის, რომ ყველაფერზე მიდის",- აღნიშნა შენგელიამ.