„აუდიტორია 115“-ის წევრის ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, თუ გაფიცული სტუდენტების მოთხოვნები 16 აპრილამდე არ დაკმაყოფილდება, ისინი საერთო სტუდენტურ გაფიცვას დაიწყებენ.
„ამ მიზნით უახლოეს დროში შემუშავდება დეტალური ხელშეკრულება, კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის. ეს ხელშეკრულება არ უნდა ეფუძნებოდეს პარტიულ კონიუნქტურას და არ უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და წარმოდგენილი პირი „აუდიტორია 115“-დან. აუდიტორიაში მუშაობას დროებით ვწყვეტთ სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით და ამასთანავე მოვუწოდებთ კონტრდემონსტრაციის მონაწილეებს, პატივი სცენ საგანმანათლებლო პროცესს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
„თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდება ნახსენები ხელშერკულების გაფორმება სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, ვიტოვებთ საერთო სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების უფლებას", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.