ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გადაცემა „20/30"-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ბოლო დროს საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით, ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა ხდება. ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი სახით არსებული კონსტიტუცია „ნაციონალური მოძრაობის" მიერაა მიღებული, რითაც ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დაცვა პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა.
„თუ ამომრჩეველი მეორე ტურში გადაწყვეტს, რომ მანდატების უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" მიაკუთვნოს, არ მესმის, მისი ნების წინააღმდეგ რატომ უნდა წავიდეთ?! საკონსტიტუციო უმრავლესობა თავისთავად პრობლემა არ არის, თუ ეს ხალხის ნებას გამოხატავს და დემოკრატიულ პრინციპებს საფრთხე არ ემუქრება. 2008 წელს პრობლემა ის კი არ იყო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა, არამედ - ის, რომ ხელისუფლებაში ეს პარტია იყო.
არ ვიცი, ეს ვინმეს დაავიწყდა თუ არა. თუ ჩვენ ბალანსის დაცვას ვახერხებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გვაქვს. წინა მოწვევის პარლამენტში, „ნაციონალურმა მოძრაობამ" სუპერძლიერი პრემიერ-მინისტრის მოდელი შემოიღო, რაც სააკაშვილისთვის მზადდებოდა და ამით ხელისუფლების დანაწილების პრინციპი დაარღვია. საფრთხე არა კონსტიტუციის შეცვლა, არამედ ამ მოდელის კონსტიტუციის დატოვებაა, რადგან ამ მოდელით ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი დარღვეულია. თუ ჩვენი ხელისუფლება დემოკრატიულ პრინციპებს იცავს, იცავს იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ნებაა. ასე რომ, თუ ვინმე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გვჭირდება, არგუმენტებიც უნდა მოაყოლოს, რატომ არ გვჭირდება", - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ, ის, ვინც აცხადებს, რომ მეორე ტურში ხმა „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა მივცეთ, აპრიორი „ნაციონალური მოძრაობის" ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური ძალაა.
„კეთდება განცხადებები, რომ მეორე ტურში ხმა ხმა „ქართულ ოცნებას" არ უნდა მივცეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა მივცეთ, რადგან მეორე ტურში ოპონენტი ყველგან „ნაციონალური მოძრაობაა". ვინც დღეს ამას ამბობს, ის აპრიორი „ნაციონალური მოძრაობის" ან მეგობარია, ან ახლობელი, ან მის ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური ძალა. ეს ძალიან მარტივია და პოლიტიკურ კეკლუცობას ნურავინ დაიწყებს. პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები ალბათ, „ქართული ოცნებისადმი" სიძულვილმა, ან „ნაციონალური მოძრაობისადმი" სიახლოვემ გააერთიანა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.