„თავისუფალ აზრზე ზეწოლას არ მოვახდენთ და არანაირი მოწოდება არ იქნება ჩვენი მხრიდან“, - ამის შესახებ „TV პირველის“ ეთერში „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე კახა შარტავამ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიმართვის საპასუხოდ განაცხადა.
„ამ ვითარებაში, რაც არ უნდა ვთქვათ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, მაინტერესებს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მეტი წარმომადგენლობითობა პარლამენტში არის ამისგან დამზღვევი? იმ ხელისუფლების წარმომადგენლობითობა, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის იქით იყო გასული და იყო ზღვარგადასული, ახლა ის უნდა გახდეს გარანტი ამისგან დაზღვევის? ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვინ რაში იყენებს, ეს ერთია, მაგრამ, „ნაციონალური მოძრაობის“ მეტი წარმომადგენლობითობის შეთავაზება საზოგადოებისთვის არ არის გამოსავალი.
ჩვენმა პარტიამ პოლიტიკური მონაწილეობა არჩევნებში დაასრულა. ამიტომ, ახლა თავისუფალ აზრზე ზეწოლას არ მოვახდენთ და არანაირი მოწოდება არ იქნება ჩვენი მხრიდან. არავის არაფერს არ მოვუწოდებთ“, - განაცხადა შარტავამ.
შეგახსენებთ, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიმართვას ავრცელებს, რომლითაც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.