„ნაციონალები" რომ თავისას ყველანარი გზით ცდილობენ გასაგებია, მაგრამ ზოგიერთი რომ ამ მახეში ნებსით თუ უნებლიედ ებმება, ეს ნამდვილად შემაშფოთებელია", - ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი facebok-ზე წერს.
„ნაციონალები" და მათი მხარდამჭერები ძალიან სასაცილოები არან. მოსალოდნელი საკონსტიტუციო უმრავლესობით საზოგადოების გულწრფელი შეშფოთების გამოყენებას ახლა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ. მეორე ტურის წინ საარჩევნო კამპანიას იმ მიმართულეით კი არ აწარმოებენ, რომ აი, ჩვენ უკეთესი ტიპები ვართ, ან უკეთესი პროგრამა გვაქვს, არამედ - ხმა იმიტომ უნდა მოგვცეთ, რომ „ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აიღოსო.
„ნაციონალები" რომ თავისას ყველანარი გზით ცდილობენ გასაგებია, მაგრამ ზოგიერთი რომ ამ მახეში ნებსით თუ უნებლიედ ებმება, ეს ნამდვილად შემაშფოთებელია.
საკონსტიტუციო უმრავლესობა ზოგადად პრობლემაა, მაგრამ არა ისეთი ტრაგედია და ქვეყნის დაქცევა, როგორადაც წარმოგვიდგენენ. სასაცილოა, რომ ამის გამო ვინმე წავიდეს და მისთვის მიუღებელ ძალას მხარი დაუჭიროს. ავტორიტარიზმის დამყარება ყოველგვარი საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც შეიძლება, თუ სასამართლოს და მედიას აკონტროლებ. ასე რომ ამ მიმართულებით უნდა ვიბრძოლოთ, საარჩევნო სისტემის ცვლილების მიმართულებით უნდა ვიბრძოლოთ, რომ სხვა დროს 48 %-იანმა პარტიამ პარლამენტში ადგლების 80 % არ მიიღოს. სამოქალქო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, არა „ნაციონალების" მხარდასაჭერად, არამედ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ სწორი საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად და მაჟორიტარული არჩევნების გასაუქმებლად.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლეოსობის მქონე პარტიას თავისი დაპირების შესრულება ვაიძულოთ და საარჩევნო სისტემა შევაცვლევინოთ, თორემ ასეთ პირობებში საქართველოში ხელისუფლების ცვლილება რევოლუციური სიტუაციების გარეშე შეუძლებელი გახდება. ამ მახინჯი საარჩევნო სისტემით თეორიულად შესაძლებელია არჩევნებზე 5 % აიღო და მაინც უმრაველესობით მოხვიდე, თუ ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგებას მოახერხებ. ეს თეორიულად, ხოლო პრაქტიკულად სრულად შესაძლებელია 20 -30 %-იანმა პარტიამ მოახერხოს იგივე, თუ მაჟორიტარული ოლქების უმეტესობას მოიგებს. ამიტომ მთავარი საზრუნავი ეს უნდა იყოს და არა, „ნაციონალების" მხარდაჭერა, რომელთაც ეს მახინჯი კონსტიტუცია დაგვიტოვეს!", - წერს მეტრეველი.