საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2017 წლის III კვარტლიდან იგეგმება. მისი განმარტებით, ეს სისტემა არსებული მინიმალური საბაზისო უზრუნველყოფის გაუქმებას არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს.
„დღეს ვიხილავთ ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშს საპენსიო სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის შესახებ და საპენსიო სისტემის შექმნის კუთხით განხორციელებული სამუშაოს შესახებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს კოორდინაციით, ჩართულია ყველა დაინტერესებული უწყება, საერთშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ეს სისტემა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს არსებული საპენსიო სისტემის ჩარჩოებში მოქცევას იმ კუთხით, რომ პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ყოველთვის ხდებოდეს ინფლაციის გათვალისწინებით ინდექსაციის პირობებში და ასევე ახალი დამატებითი დაგროვებითი კომპონენტის შექმნას, რომელიც მომავალი წლის მე-3 კვარტლიდან ჩაირთვება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, მანამდე იქნება საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების გაწერილი გეგმა.
„ეს დაგროვებითი სისტემა გულისხმობს თანადაფინანსების სისტემას. ეს არის დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან თანადაფინანსებული დაგროვებითი სისტემა, რომელიც მომავალი პენსიონერებისთვის გაცილებით სხვა ხარისხის სიბერეს უზრუნველყოფს. ეს სისტემა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არსებული მინიმალური საბაზისო უზრუნველყოფის გაუმქებას, პირიქით, არსებული საპენსიო უზრუნველყოფა იმოქმედებს დაგროვებითი სისტემის პარალელურად და ინდექსირება საბაზისო სისტემით გათვალისწინებული პენსიების ინფლაციის კვალდაკვალ მოხდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.