საზოგადოების ერთი ჯგუფის მიმართვას „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერასთან დაკავშირებით, პირდაპირ პოლიტიკურ განცხადებად აფასებს იურისტი სოფო ხორგუანი.
„ამას რაც არ უნდა დაარქვან, შინაარსი არ შეიცვლება. ეს მიმართვა დაახლოებით, ასლან აბაშიძის განცხადების სულისკვეთების იყო, რომ ხალხმა არ იცის, ვინ უნდა აირჩიოს. ისინი ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" უნდა ავირჩიოთ და ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტს მოუწოდებენ, ამაში მხარი აუბან. როცა არჩევნებამდე 2 კვირით ადრე „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერისკენ მომიწოდებ, მე შენს მიმართ პრეტენზია მიჩნდება, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური არ ხარ. მერე სწყინთ, როცა ვინმე აკრიტიკებს და ეუბნება, რომ ნეიტრალურები არ არიან. სამოქალაქო საზოგადოება ამ მიმართვით ძალიან დაზარალდა, რადგან საკუთარი რეპუტაცია ეჭვქვეშ დააყენა", - განაცხადა ხორგუანმა გადაცემა 2030-ში.
მისი თქმით, ამ განცხადებით ვერავინ ვერაფერი მოიგო და პრაქტიკულად, ყველამ წააგო.
„ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არ მინდა, რადგან ეს უკვე ვნახე. დღეს ვიღაცები მეუბნებიან, რომ დემოკრატიის გადასარჩენად მხარი იმ ძალას უნდა დავუჭირო, რომელმაც დემოკრატიის ხარისხის დასაცემად ყველაფერი გააკეთა. სასაცილოა, როცა ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, ოთარ კახიძე მელაპარაკება, რომ დემოკრატია საფრთხეშია. ის იმ ხელისუფლების ნაწილი იყო, რომელიც ამ ქვეყანაში დემოკრატიის ყველაზე დიდი საფრთხეა. „ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერი დამატებითი მანდატი ამ ქვეყნისთვის საფრთხეა. ეს რეალობაა და ამის აღიარებას მიკიბვ-მოკიბვა არ სჭირდება", - განაცხადა იურისტმა.
როგორც მან აღნიშნა, როცა ვიღაცას ძალაუფლებას ვაძლევთ, შესაძლოა, ეს საფრთხეს ყოველთვის შეიცავდეს.
„ამ ლოგიკით გამოდის, რომ როცა მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს, განსასჯელი, რომელიც ერთი მოსამართლის იმედზეა დარჩენილი, სართხეშია; როცა ექიმს სკალპერი უჭირავს, პაციენტიც საფრთხეშია. ჩვენ ხომ ახალს არაფერს ვიგონებთ?! მსოფლიოში არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობის პრაქტიკა და ამის შესაძლებლობას ჩვენი კანონმდებლობაც მაძლევს. დემოკრატია მხოლოდ პარლამენტში არსებულ ძალებზე ჩამოკიდებული არ არის. ამისთვისაა საჭირო მაღალი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება. ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მათ, ვისაც აქვს პრეტენზია, რომ ჩვენზე მეტი იციან და ჭკუა უნდა გვასწავლონ, რამის თქმის, დაწერის თუ ხელმოწერის დროს, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ", - განაცხადა სოფო ხორგუანმა.