„საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი განცხადებაა და არა სამოქლაქო საზოგადოების განცხადება", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეს ადამიანები საზოგადოებას პირდაპირ მოუწოდებენ, მხარი „ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირონ. სხვა ამ ტექსტში არაფერი იკითხება, რადგან მათ კარგად იციან, რომ უმეტეს ოლქებში მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა". ანუ, არჩევანი „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის უნდა გაკეთდეს და ისინი საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებიან, არჩევანი „ნაციონალურ მოძრაობის" სასარგებლოდ გააკეთონ", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ განცხადების შინაარსი ალოგიკურია.
„ისინი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხეა და მაგალითად 2008 წელი მოჰყავთ, როცა „ნაციონალური მოძრაობის" ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონის გამო, ქვეყანაში ძალიან ბევრი ცუდი რამ მოხდა. ე.ი. რა გამოდის, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან ბევრი ცუდი რამ გააკეთა, მაგრამ მხარი მაინც ამ ძალას უნდა დავუჭიროთ?! მათი ლოგიკა აი ეს არის", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოება ძალიან გონიერია და ასეთ ბრიყვულ განცხადებას არ წამოეგება.
„საზოგადოება ან ძალადობას, ღირსების შელახვას აძლევს ხმას და ქვეყანას უკან აბრუნებს, ან ირჩევს სტაბილურობას, განვითარებას და კეთილდღეობას. როცა ერთ მხარეს „ქართული ოცნებაა" და მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა", ვფიქრობ, არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია და დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი 30 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი დაცული იყოს.
„ჩვენ მოვახერხეთ და, 2013 წელს კონსტიტუციაში ცვლილება შევიტანეთ, რითაც პარლამენტს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება შევძინეთ; მნიშვნელოვანი ცვლილება შევიტანეთ ასევე, ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, რითაც საბიუჯეტო წლის ორი თვის განმავლობაში ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა იწყება. ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთეთ, რომ პარლამენტს მეტი უფლებამოსილება ჰქონოდა, მთავრობა კი უფრო შეზღუდულიყო. მანამდე, კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა", - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტი სასამართლო ხელისუფლების მართვაში აღარ მონაწილეობს და მართვა მთლიანად აკადემიური წრეებისთვის, მეცნიერებისთვის და მოსამართლეებისთვისაა გადაცემული.
„მანამდე, იუსტიციის უმაღლეს საბჭო პარლამენტის წევრებით იყო დაკომპლექტებული. ჩვენ კი, საკანონმდებლო ცვლილებებით ეს უფლებები შევიზღუდეთ და დღეს პარლამენტის წარმომადგენელი იქ აღარ არის. თუნდაც ეს რამდენიმე მაგალითი ცხადყოფს იმას, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ნამდვილად არ არის. ოპონენტებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ 50%-იანი ბარიერი ჩვენ შემოვიტანეთ. ეს რომ არა, არავითარი მეორე ტური არ გვექნებოდა და 8 ოქტომბერს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდოდით", - განაცხადა მანანა კობახიძემ.