აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოში გაყინული კონფლიქტი შექმნა.
ობამამ ჟურნლისტის კითხვაზე, რამდენად ეთანხმება დონალდ ტრამპის მტკიცებას, რომ აშშ რუსეთის პრეზიდენტს საკმარისად არ სცემს პატივს, განაცხადა, რომ „რუსეთს საკმარისი პატივისცემა დავანახეთ, უზარმაზარ სხვაობებსა და განსხვავებულ ფასეულობებს ვაღიარებდით".
„როდესაც პრეზიდენტი გავხდი, რუსეთი, წინა ადმინისტრაციის დროს, უკვე იყო შეჭრილი საქართველოს ტერიტორიაზე და იქ გაყინული კონფლიქტი ჰქონდა შექმნილი. მაშინ რუსეთში ახალი პრეზიდენტი იყო და შევეცადეთ, ამერიკულ-რუსული ურთიერთობებისთვის უფრო კონსტრუქციული გზა გამოგვენახა. ვფიქრობ, რომ რუსეთს საკმარისი პატივისცემა დავანახეთ, უზარმაზარ სხვაობებსა და განსხვავებულ ფასეულობებს ვაღიარებდით და ამასთანავე, ვცდილობდით ერთობლივი თანამშრომლობისთვის გზების გამონახვას", - განაცხადა ბარაქ ობამამ.
მისი მოსაზრებით, აშშ-სთვის გამოწვევა რუსეთის აგრესიულობა გახდა მსოფლიოს კონკრეტულ რეგიონებში. ამის მაგალითად, ობამამ მოიყვანა უკრაინა, სადაც, მისი თქმით, რუსეთი მოქმედებს იმავე გზით, როგორც მოქმედებდა საქართველოში.