ავტორი ალა გრიგალაშვილი
სოციალურ ქსელებსა და ქუჩებში განცხადებები გამოჩნდა წარწერით - „ვიყიდი ძველ 50-თეთრიანებს". როგორც ცნობილია, ამ მონეტის ფასი მაღალია. რატომ ღირს ძვირი ოქროსფერი 50-თეთრიანი და ასევე, რატომ აფასებენ სოლიდურ ფასად საბჭოთა კავშირის დროს დამზადებულ ჰანტელებს - ამის შესახებ „რეპორტიორს" ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ესაუბრა:
„ეს არის ნუმიზმატების ინტერესში მოქცეული თემა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მონეტებს აგროვებენ. დიახ, ყვითელი 50-თეთრიანი ნუმიზმატებში ძალიან მოთხოვნადი გახდა და ბუნებრივია, ფასიც მაღლა იწევს. აქ არანაირ თაღლითობასთან არ გვაქვს საქმე, საშიში არაფერია, ეს არის წმინდა ნუმიზმატიკის ინტერესი. მითუმეტეს, მცირეა ასეთი ორმოცდაათეთრიანების რაოდენობა. რაც მცირერიცხოვანია, იმას ფასიც მაღალი აქვს.
რაც შეეხება ჰანტელებს, საუბარია მეტალის შემადგენლობასა და ხარისხზე. საბჭოთა კავშირის დროს არაეკონომიურად იხარჯებოდა მაღალი ხარისხის მეტალი. ამიტომ გირებიც კი საკმაოდ მაღალხარისხიანი ფოლადისგან არის დამზადებული და მისი ფასი, ბუნებრივად, მაღალია",- განაცხადა გიორხელიძემ.