საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ უნივერსიტეტში რექტორის გადადგომა-არგადადგომის საკითხის გადაწყვეტას მისი ჩართულობით არ აპირებს. განცხადება სანიკიძემ გუშინ, თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„არის რიგი საკითხები, რომლებიც უპრიანია, გადაწყდეს იმ ლეგიტიმურ ორგანოებში, რომელიც უნივერსიტეტს წარმოადგენს - ამ შემთხვევაში აკადემიური საბჭო. თუ დღის წესრიგში დგება რექტორის მუშაობის თუ არმუშაობის საკითხი, რომელსაც თვითმმართველობის წარმომადგენლები აყენებენ, ჩვენი პასუხიც შესაბამისია. ძალიან მნიშვნელოვანია რექტორის თემის განხილვა. აქედან გამომდინარე, კონკრეტული შეთავაზება აქვს აკადემიურ საბჭოს სტუდენტებისთვის, რომლის ფარგლებში ისინი მოითხოვენ გონივრულ ვადას, რათა იმსჯელონ რექტორის საკითხზე, მიიღონ გადაწყვეტილება და აცნობონ სტუდენტებს", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.