გამოჩენილი ქართველი რეჟისორი გრიგოლ (გიგა) დავითის ძე ლორთქიფანიძე 1927 წლის 19 ოქტომბერს თბილისში დაიაბადა.
სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.
1950 წელს დაამთვარა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრისა და ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. სადიპლომო სპექტაკლი დადგა ვილნიუსის რუსულ დრამატულ თეატრში.
1952-54, 1957-63, 1963-67, 1976-80 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1954-56 წლებში _ ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის, 1963-65 წლებში თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი. 1967 წელს რუსთავში დაარსა სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1976 წლამდე. 1984-86 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მხატვრული ხელმძღვანელი, 1985 წლიდან საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, პარალელურად _ ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1999-2000 წლებში იყო შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი.
მისი მნიშვნელოვანი დადგმებია კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი" (1952), კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი" (1959), ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", „მე ვხედავ მზეს" (1960, 1961), პ. კაკაბაძის „კახაბერის ხმალი" (1965), ა. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი" (1967), ვ. კოროსტილოვის „ასი წლის შემდეგ" (1967) და „მარტოობის დღესასწაული" (1974), ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა" (1976), სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე" (1978), ვ. აბაშიძის მუსიკალურ თეატრში - „მევიოლინე სახურავზე" (1986), თბილისის საოპერო თეატრში ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე" (1990), ბ. კვერნაძის „კოლხთა ასული" (1997), ბათუმის საოპერო თეატრში - ჯ. ვერდის „აიდა" (1998). განხორციელებული აქვს დადგმები მოსკოვის თეატრ „სოვრემენიკში" და მოზარდ მაყურებელთა თეატრში მალაია ბრონნაიაზე.
გადაიღო მხატვრული ფილმები „დათა თუთაშხია" (1976-77, 7 სერია გ. გაბესკირიასთან ერთად). „წიგნი ფიცისა" (1983), „ერთ პატარა ქალაქში" (1985), „თეთრი ბაირაღები" (1990), „პრემიერა" (1992).
გიგა ლორთქიფანიძე იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი 1992-95 წლებში. საქართველოს და სსრ კავშირის სახალხო არტისტი, საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი, „შრომის წითელი დროშის" და „საპატიო ნიშნის" სამი ორდენის კავალერი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995). კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი.
1985 წელს გრიგოლ ლორთქიფანიძეს მრავალსერიანი მხატვრული ფილმის „წიგნი ფიცისა" შექმნისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით 1996 წელს. მინიჭებული აქვს სხვა სახელმწიფო ჯილდოები. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1996 წელს.
გიგა ლორთქიფანიძე 2013 წლის 13 ივნისს თბილისში გარდაიცვალა.