მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებები არა რომელიმე ჯგუფში განხილვის, არამედ საზოგადოებაში ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს.
„ჯგუფში ამ საკითხების განხილვა მე ვერ წარმომიდგენია. ეს უნდა იყოს ფართო განხილვის საგანი. საზოგადოებრივმა არხმა ამ თემაზე უნდა გამართოს საუბრები. ეს თვეების განმავლობაში განსახილველი საკითხია და ერთ დღეში ვერ გადაწყდება, ან რომელიმე ჯგუფში. სამწუხაროდ, ჩვენი კონსტიტუცია იმიტომ არის ასე არეული, რომ პრეზიდენტს უნდოდა ერთი, ვიღაცას უნდოდა სხვა რამე. თვით პირველი კონსტიტუცია არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და ამიტომ, კონსტიტუცია დაუსრულებელია. სამწუხაროდ, ასეთი კონსტიტუცია მსოფლიოში ერთადერთია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის" ეთერში.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის კარგად უნდა იყოს ახსნილი, რის გაკეთებას ვაპირებთ და საით მივდივართ - საპარლამენტო რესპუბლიკისკენ თუ არსებულ შუალედურ მდგომარეობაზე უნდა გავჩერდეთ.