ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კოალიცია „ქართული ოცნების" დაშლას არ გამორიცხავს. ამ თემაზე „პრაიმტაიმს" ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ესაუბრა. მისი თქმით, თავის დროზე კოალიცია შეიქმნა რეჟიმის დასასრულებლად. დღეს კი, როცა ეს გამოწვევა დაძლეულია, უკვე გემოვნების საკითხია, ვინ ვისთან გაერთიანდება.
„კოალიცია ჯერჯერობით აგრძელებს არსებობას. მის ყველა სუბიექტს შორის არსებობს სტრატეგიული თანამშრომლობა. ვინ დარჩება არჩევნებამდე, ვინ წავა და ვინ შემოურთდება, ამას მომავალი გვაჩვენებს. ზოგი პარტია ამბობს, რომ ჩაატარებენ ყრილობას და შემდეგ გადაწყვეტენ, დარჩებიან თუ არა კოალიციაში. მოსაზრებები სხვადასხვაგვარია, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი ძველ კალაპოტში მიდის.
ზოგადად, ერთობა უფრო ძლიერია, თუმცა, გასაგებია ისიც, რომ ერთობა, რომელიც შეიქმნა თავის დროზე, მიმართული იყო ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმის დასასრულებლად. ხალხს რომ თავისუფლად ამოესუნთქა, ამიტომ შეიკრა ერთად მემარჯვენეც, მემარცხენეც, ლიბერალიც და კონსერვატორიც. ყველა გავერთიანდით დემოკრატიისთვის. დღეს, როცა ეს გამოწვევა დაძლეულია, უკვე გემოვნების საკითხია, ვინ ვისთან გაერთიანდება. ამ წუთისთვის ძნელია თქმა , როგორი იქნება საბოლოო კონტური, თუმცა, დიდი ხანიც აღარ არის დარჩენილი", - განაცხადა სუბარმა.