გთავაზობთ მოძრაობა „ახალი რეალობისთვის" დამფუძნებელის მერაბ შათირიშვილის განცხადებას, რომელიც მან „რეპორტიორს" მიაწოდა. განცხადება, რომელიც შათირიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ქვეყნის პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მისამართითაა:
„ვერავისგან მოვისმინე სამართლიანი საფუძველი, რატომ არ უნდა იყოს ამჟამინდელი პრეზიდენტის ინსტიტუტი, თავისი სამოხელეო კოჰორტით ავლაბრის რეზიდენციაში განთავსებული... დღემდე ვფიქრობ და უცებ, „ძალიან მდიდარი სექსის" განაცხადის მომსწრე რომ გავხდი, გონს მოვეგე და „ფეისბუქის" საშუალებით, როგორც საქართველოს მოქალაქემ და - სხვათა შორის, გარკვეული წვლილის შემტანი მის გაპრეზიდენტებაში - მინდა, გიორგი მარგველაშვილს გულწრფელად მივმართო: ბ-ნ პრეზიდენტო, ავლაბრის რეზიდენციის პომპეზურობა და სიძლიერების მაუწყებელი შთაბეჭდილების კონსტიტუციური უფლება თქვენ არ გაგაჩნიათ და ასეთ „მდიდრულ" რეზიდენციას თქვენი საპრეზიდენტო-საკონსტუტიციო შესაძლებლობებით არ შეესაბამებით, ეს, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს კიდევ ასატანი ჩანდა, რადგან მისი კონსტიტუციურ-საპრეზიდენტო „მათრახი" გაცილებით ძლიერად შხუოდა და სასახლესაც შეეფერებოდა, მერე თავად სააკაშვილმა დაამცრო (რადგან მომდევნო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობა ჰქონდა განზრახული) მომავალი პრეზიდენტის უფლებები... ასე რომ, თქვენ, როგორც „უუფლებო" პრეზიდენტი, მაგ რეზიდენციაში, იმ მთავარსარდალს ემსგავსებით, ბრძოლის ველზე „მდიდრული" კარავი რომ გაუშლია, მაგრამ შიდა მომსახურე პერსონალის გარდა გარს არავინ ახვევია - არც გენერლები ჰყავს და არც - ჯარი, თქვენ წარმოიდგინეთ, მტერიც არსად ჩანს!.. ჰოდა, გულწრფელად გირჩევთ, გადაიტანეთ თქვენი სამსახური ისეთ შენობაში, სადაც მართლა გამოჩნდებით პრეზიდენტად და თქვენი შემცირებული საკონსტიტუციო ძალაუფლებით ახალგადაბანაკებულ „კარავთან" შესაბამისობაში მოხვალთ, თორემ, ამხელა სასახლეში სასაცილოდ გამოიყურებით, სხვა მხრივ, თუ იმისთვის დამშვრალხართ მხოლოდ, რომ ეს „გრანდიოზულად" მდიდრული სასახლე, თავში „ძალიან მდიდრული (სიტყვა, ძალინ, კიდევ უფრო ამძაფრებს „მდიდრულს" და, საერთოდ, ზედმეტიც არის ორთოგრაფიულად) სექსის" შთამაგონებლად გამოიყენოთ, არ გამოვა ეგ ამბავი, თქვენს „ძალიან მდიდრულ" ბიოგრაფიაში არც ლამაზად და არც სანაქებო ფაქტად დარჩება!... ძლივს არ გავარკვიე საკუთარ თავთან, რატომ არ უნდა იყოს ავლაბრის მდიდრულ „კარავში" კონსტიტუციურად „გენერლებშემოცლილი მთავარსარდალი?!" - წერს შათირიშვილი.