logo_geo
eng_logo
შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ვიდეორგოლს მილიონზე მეტი ნახვა აქვს
- +

20 ოქტომბერი. 2016. 11:36



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით,  შსს-ს ტექნოლოგიური გარდაქმნა დაიწყო და რამდენიმე დღის წინ ერთობლივი ოპერაციების ცენტრი შეიქმნა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით დამზადებული ახალი ვიდეორგოლი ინტერნეტსივრცეში თითქმის მილიონ-ნახევარმა მომხმარებელმა ნახა და მოწონება დაიმსახურა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.


ვიდეორგოლზე Switch Communications-მა იმუშავა. კომპანიის კრეატივ დირექტორის აკა მელიქიძის თქმით, კლიპი 6 დღეში შეიქმნა:

 

„მე თვითონაც მიჭირს იმის თქმა, თუ როგორ მოვახერხეთ ამ მოკლე დროში ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელმაც ამდენი ადამიანის მოწონება დაიმსახურა. ალბათ გაგვიმართლა, რადგან კლიპზე პროფესიონალი გუნდი მუშაობდა. დიდი როლი შეასრულეს მსახიობებმაც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთავარ როლში არის ანანო, რომელიც უკვე კარგად გაიცნო საზოგადოებამ UNICEF-ის სოციალური ექსპერიმენტიდან".


მას მერე, რაც კლიპი შსს-მ თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა, ეს ვიდეო ატვირთა აზერბაიჯანულმა პორტალმა, სადაც ვიდეორგოლმა დაახლოებით 48 საათში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.


შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თეა პერტაიას თქმით, ყალიბდება 21-ე საუკუნის პოლიცია და მისი „ტვინი" ახლად შექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრი იქნება:

 

„რეფორმა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ულტრათანამედროვე სისტემის შექმნას, რომლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა რეაგირების საგრძნობლად გაუმჯობესებული ხარისხია. ჩვენ შევეცადეთ, ეს მაქსიმალურად ასახულიყო იმ ვიდეორგოლში, რომელიც მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მოვამზადეთ. მეორე ეტაპისთვის დაგეგმილია  საზოგადოებისთვის ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ფუნქციონალური დატვირთვის დეტალურად გაცნობა.

 

მსგავსი ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და იგი დანაშაულის პრევენციაში, აღკვეთასა და გამოვლენაში ყველაზე თანამედროვე მიდგომაა. ამ ცენტრის ზუსტი ანალოგი არცერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობს. ეს არის პოლიციის მაღალ ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც რეალურ დროში, სხვადასხვა ანალიტიკური პროგრამის გამოყენებით ახორციელებს ქვეყანაში არსებული კამერების მუდმივ მონიტორინგს, აკონტროლებს საქართველოს მასშტაბით პოლიციის ძალების ტაქტიკურ განლაგებას და ქუჩაში მყოფ პოლიციელებს რეალურ დროში ანალიტიკურ მხარდაჭერას უწევს".

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner