„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სააგენტო Allmedia-ს 3 405 ჟურნალისტის სიის გასაჯაროებას ითხოვს, რომლებმაც ცესკოს-სგან არჩევნებისთვის აკრედიტაცია მიიღეს.
„სია გამოაქვეყნეთ რა, ამ „ჟურნალისტების" სია დაიდოს - თაღლითების, მატყუარებისა და გაიძვერების. ჟურნალისტობას ვინ იბრალებს, არ გაინტერესებთ, ძვირფასო ჟურნალისტებო? დადეთ და გადავუაროთ! ერთ-ერთი უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ ნიკა რურუას ძმა გიორგი (ჟორიკა) რურუა ყოფილა თქვენი კოლეგა... დანარჩენიც ვნახოთ, როგორი მატება გაქვთ „კოლეგების", არ გაინტერესებთ?" - წერს ცაგურია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მედიასაშუალების 5 017 წარმომადგენელმა გაიარა არჩევნების გაშუქების მიზნით აკრედიტაცია. თუმცა, 138 მედიასაშუალებიდან 3 405 აკრედიტაცია მხოლოდ ერთის სახელზეა გაცემული. ეს სააგენტო კი, Allmedia, რომლის ვებგვერდზეც ამ დრომდე არჩევნების შესახებ არცერთი ახალი ამბავი არ განთავსებულა.
Allmedia-ს დამფუძნებელი და დირექტორი „ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის თანამშრომელია. Allmedia-ს სახელით აკრედიტებულ ჟურნალისტთა სიაში კი, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები - ყოფილი მაღალჩინოსნები და აქტივისტები არიან.