პრეზიდენტობის კანდიდატებმა ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა ბოლო სატელევიზიო დებატები გამართეს. არჩევნებამდე 20 დღით ადრე მათ ლას-ვეგასში როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელეს.
„BBC"-ს ცნობით, არც დებატების დასაწყისში და არც დასრულების შემდეგ კლინტონსა და ტრამპს ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ.
დონალდ ტრამპის შენიშვნაზე, რომ ვლადიმირ პუტინი ჰილარი კლინტონს „პატივს არ სცემს", კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს სურს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „მისი მარიონეტი" გახდეს.
საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ მარიონეტი თავად კლინტონია და იქვე დასძინა, რომ ის პუტინის მარიონეტი არ იქნება.
დებატების დროს მხარეებმა, ასევე, სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებები, ვითარება სირიის ქალაქ ალეპოსა და ერაყის ქალაქ მოსულში განიხილეს.
ჰილარი კლინტონმა სირიაში არასაფრენი ზონის დაწესებას დაუჭირა მხარი, ტრამპმა კი, განაცხადა, რომ სირიაში არსებული სიტუაციისთვის კლინტონიც არის პასუხისმგებელი.
დონალდ ტრამპის განცხადებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" გამოჩენა სწორედ ჰილარი კლინტონის დამსახურებაა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.