logo_geo
eng_logo
იშხანში თურქმა სპეციალისტებმა უნიკალურ იატაკს მიაკვლიეს
- +

20 ოქტომბერი. 2016. 12:46



ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლ იშხანში თურქმა სპეციალისტებმა უნიკალურ იატაკს მიაკვლიეს.


სარესტავრაციო სამუშაოებისას გამოვლენილი იატაკი, სავარაუდოდ, ტაძრის თანადროულია. იშხანში სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებიც აღმოჩნდა. ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის თქმით, სპეციალური ჯგუფი თურქეთში ვიზიტს უკვე გეგმავს.


იშხანში აღმოჩენილი დეტალების შესახებ ისტორიკოსი ბუბა კუდავა „რეზონანსს" ესაუბრა.


როგორც კუდავა აცხადებს, უნიკალური იატაკის შესახებ მან ინფორმაცია თურქი კოლეგებისგან მიიღო. მისი თქმით, იშხნის ტაძარს მდიდარი არქეოლოგიური ისტორია აქვს, ვინაიდან მან გადაკეთება ბევრჯერ განიცადა, თუმცა ახლად გამოვლენილი იატაკის დათარიღება ერთი მნიშვნელოვანი გარემოებითაა შესაძლებელი.


ისტორიკოსი აცხადებს, რომ ტაძრის დასავლეთით, აბსოლუტურად ახალი, ჩვენთვის უცნობი ბაზილიკის ნაგებობის კვალი გამოვლინდა, ასევე დღემდე უცნობი დარბაზული ეკლესია და კარიბჭის სამლოცველოები, რომელიც სამხრეთ კედელზე იყო მობმული.


რაც შეეხება რესტავრირებულ იშხანს და უკვე დასრულებულ სამუშაოებს, ისტორიკოსი გარკვეულ ხარვეზებზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ საერთო სურათს შესაძლოა ნორმალური ვუწოდოთ. მისი შეფასებით, ცალსახად კარგია, რომ ძეგლის ჩამოქცევისა და დანგრევის საფრთხე აღარ არსებობს, თუმცა ცუდია, რომ ამ პროცესმა ქართველი სპეციალისტების უშუალო ჩართულობის გარეშე ჩაიარა.


ბუბა კუდავას თქმით, არქეოლოგიური მონაკვეთები დღემდე არ არის დაკონსერვებული. ასევე, გაურკვეველია, როგორ წარიმართა არქეოლოგიური სამუშაო, რა სიზუსტით გაკეთდა დოკუმენტაცია. რა აღმოჩნდა თითოეულ სამარხში და არქეოლოგიურ უბანზე, ეს ქართული მხარისთვის დღემდე უცნობია.


რამდენადაც სპეციალისტებისგან მსმენია, კედლის მხატვრობის განადგურების საშიშროება აღარ არსებობს, თუმცა ზოგიერთ ადგილას ჩნდება ეჭვი, რომ ზედმეტი ტონირებაა გაკეთებული. ალბათ, ტაძრის გადახურვის საკითხი ფინანსურ ნაწილთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, ხარვეზი აქაც შეინიშნება", - აცხადებს კუდავა.


ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის ნიკა ანთიძის თქმით კი, სააგენტო უახლოეს მომავალში ტაო-კლარჯეთში ვიზიტს გეგმავს, რისთვისაც ახლა უწყება დასტურს თურქული მხარისგან ელოდება.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner