ავტორი სოფო ხუგოიანი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს ეხება.
პირადი თავისუფლების აქტი - ენმ-ის საკანონმდებლო ინიციატივა 4 პუნქტისგან შედგება. მასში ნათქვამია, რომ უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მოხდეს ფარული მიყურადების და მოსმენების ინსტიტუტის რეფორმირება, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმები და გაძლიერდეს სამოქალაქო კონტროლი.
„ნაციონალური მოძრაობის" ამ ინიციატივას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა. „რეპორტიორთან" საუბრისას მეჭიაურმა განაცხადა, რომ ნაცების მხრიდან სუს-ის გაუქმების მოთხოვნას არანაირი საფუძველი არ აქვს, რადგან მიღებულია ახალი კანონი, რომელშიც გაწერილია ყველა დეტალი.
„იმას, რომ ნაცები სუს-ის გაუქმებას მოითხოვენ, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რადგან ჩვენ სუს-ის შესახებ მივიღეთ კანონი, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა საკითხი. ახლახან მისი ხელმძღვანელიც დავნიშნეთ. არ არსებობს იმის საფუძველიც, რომ აღნიშნულმა სტრუქტურამ არ გაამართლა ან მისი ხელმძღვანელობა ცუდად მუშაობს. ყველას ნებაზე, ყოველთვიურად სტრუქტურების ცვლა კარგს არაფერს მოგვიტანს", - ამბობს თამაზ მეჭიაური.