ავტორი მარიამ პაიჭაძე
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ლარის გაუფასურებას ეხმიანება და იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ეს მოვლენები განაპირობა. ჯგერენაიას განმარტებით, 10 დეკემბრამდე ლარის გამყარება ან იმაზე დიდი რყევა, რაც ამ ეტაპზეა, მოსალოდნელი არ არის.
„აბსოლუტურად იგივე პრობლემებია ლართან მიმართებაში, რაც იყო. ეს ეხება საგარეო ვაჭრობის მიმდინარე ანგარიშბალანსს, სადაც ექსპორტის მაჩვენებლი კლებულობს და კლებულობს. საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, რომ იმატა იმპორტმა. მართალია, სამედიცინო დახმარების კუთხით დიდი ციფრი კანადიდან წამოვიდა, მაგრამ ისედაც იმატა იმპორტმა. ნოემბერი-დეკემბერი არის საახალწლო ვაჭრობის სეზონური პერიოდი, ხდება დოლარის შეძენა იმისათვის, რომ საქონელი შემოიტანონ და ამ ფაქტორმაც განაპირობა ზეწოლა დოლარის მოთხოვნასა და ლარის კურსზე. ექსპორტის კლება, ტრანსფერების არდაბრუნება, არჩევნების პერიოდში ინვესტიციების ნაკლებობა - ეს არის ის მიზეზები, რამაც განაპირობა ლარის კურსის მერყეობა და ამას დაემატა რამდენიმე ერთჯერადი ტრანზაქცია, რომელიც ოპერაციებთან არის დაკავშირებული.
ვფიქრობ, რომ ლარის გამყარება ან ამაზე დიდი რყევა წლის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის. 10 დეკემბრიდან გამყარებასაც ველოდები, იქამდე დოლარზეა მოთხოვნა", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.
ჯგერენაიამ ასევე შეაფასა საქართველოს ეკონომიკის არსებული მდგომარეობა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ნორმალური ეკონომიკური მდგომარეობაა.
„საქართველოში ნორმალური ეკონომიკური მდგომარეობაა იქიდან გამომდინარე, რაც ხდება მსოფლიოში და ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან. ზრდის მაჩვენებელი ოპტიმისტურია. იმანაც შეგვიწყო ხელი, რომ მიუხედავად არჩევნებისა და რთული პერიოდისა, ჩვენს ძირითად პარტნიორებთან დასტაბილურდა ვალატიური, მუდმივი ცუდი სიტუაცია, რადგან ეს იყო დაკავშირებული ნავთობის ფასებთან. ერთი მხრივ, საქართველოსთვის ნავთობის ფასის დაბალ ნიშნულზე გაჩერება, ბუნებრივია, ფანტასტიკურია, რადგან ამან ჩვენს ეკონომიკას ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მეორე მხრივ, ამან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა აზერბაიჯანი, რუსეთი, რომელიც ჩვენი ძირითადი პარტნიორები არიან და ამან გავლენა იქონია საქართელოზე. რუსეთში მეტ-ნაკლებად სიტუაცია დასტაბილურდა გამომდინარე იქიდან, რომ რუბლის კურსი არის მყარი. აზერბაიჯანშიც ხელოვნურად მოახდინეს კოლაფსის თავიდან აცილება და ამან საქართველოზე დადებითად იმოქმედა და საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აჩვენა.
თურქეთთან არის ცოტა რთული სიტუაცია. იქ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო ლირა გაუფასურდა, ამან მისცა გარკვეული უპირატესობა თურქ ექსპორტიორებს, რომ ჩვენს მეწარმეებზე მოეგოთ და ხელშემწყობ გარემოში აღმოჩნდა თურქეთი, რამაც გაზარდა თურქეთიდან ტრადიციული დარგების ექსპორტი და საქართველო შეაფერხა", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.