პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა საბავშვო ბაღების მენეჯმენტში"- ფარგლებში დღეს გურიაში ახალი თანამედროვე სათამაშო ატრაქციონები დარიგდა.
რეგიონის რვა სამიზნე სააღმზრდელო დაწესებულებებში საბავშვო ატრაქციონები მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება მიიტანეს.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში მოხდება საბავშვო ბაღების მიერ მომხმარებელთათვის გაწეული სერვისების დახვეწა 8 საბავშვო ბაღის მაგალითზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კეთილ მოეწყობა საბავშვო ბაღების ეზო, სადაც განთავსდება თანამედროვე სათამაშო ატრაქციონები. ჩატარდება სემინარები. ასევე იგეგმება ოთხივე მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ვებ-გვერდის მომზადებაც, სადაც განთავსებული იქნება ბაღში ბავშვების მიღების წესები, ბაღების შინაგანაწესი, მენიუ. შესაძლებელი იქნება მშობლების მიერ ონლაინ რეგისტრაციის გავლა და ა.შ." - განაცხადა გურიის გუბერნატორის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა.
პროექტს „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი" გურიის სამხარეო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ახორცილებს. იგი დაფინანსებულია გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.