logo_geo
eng_logo
„შშმ პირებს ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ“ – მარიამ ჯაშის შეხვედრა “სპექტრში”
- +

20 ოქტომბერი. 2016. 19:24



​საზოგადოებრივ კოლეჯ "სპექტრის" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები და მათი მშობლები, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამგორის N12 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მარიამ ჯაშს შეხვდნენ.


შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი რატი იონათამიშვილი, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე, კოლეჯ „სპექტრის" დირექტორი მათე ტაკიძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თანაშემწე და მრჩეველი სიმონ პეტრიდისი.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, რომ შენობებში მათთვის არ არის მოწყობილი სპეციალური პანდუსები, ხოლო სადაც არის, არასწორადაა მოწყობილი. ასევე, პრობლემა ექმნებათ ტრანსპორტით გადაადგილების თვალსაზრისით.


მარიამ ჯაში, ახალი მოწვევის პარლამენტში მათ თანადგომასა და დახმარებას დაჰპირდა ყველა იმ საკითხში, რაც მათთვის პრობლემურია. თუმცა დასძინა, რომ ყველა პრობლემის ერთბაშად მოგვარება ვერ მოხერხდება და ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.

 

„ეს იქნება საუკეთესო პარლამენტი, სადაც პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ იმუშავებს," - განაცხადა ჯაშმა.


„სპექტრის" ერთ-ერთმა შშმ სტუდენტმა, რომელიც მარნეულში ცხოვრობს და ტრანსპორტირებაში "სპექტრი" ეხმარება, განაცხადა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, დასაქმების იმედი აქვს. თავის მხრივ დეპუტატობის კანდიდატმა მას დახმარება აღუთქვა და დაჰპირდა, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ მარნეულში დასაქმებისთვის რეკომენდაციას პირადად გაუწევს.


შეხვედრაზე „სპექტრის" ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა, რომ მას სოციალური დახმარება მოუხსნეს, თუმცა მიზეზი ვერ გაარკვია.


მარიან ჯაშის ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როდესაც, ადამიანებს არჩევნების წინ მოუხსნეს სოციალური დახმარება და როგორც გაირკვა, სოციალური დაცვის სააგენტოებში ადგილი ჰქონდა ზოგიერთი პირების თანამდებობრივი უფლებების გადაცდომებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი მისი „კონკურენტი კანდიდატის ხელი ერია".


„მოგვიანებით გადაამოწმეს და ამ ადამიანებს აღუდგინეს დახმარება," - აცხადებს იგი.


როგორც ჯაშმა შეხვედრის შემდეგ „სითი კვირას" განუმარტა, „სპექტრი" ერთ-ერთი წამყვანი სასწავლებელია, რომელიც ასევე გამორჩეულია, როგორც ადაპტირებული ინფრასტრუქტურით, ასევე იმ სასწავლო პროგრამებით, რომელიც იძლევა საშუალებას პროფესია შეიძინონ შშმ პირებმა, შემდეგ კი დასაქმებაში ხელშეწყობა.


„ჩემთან შეხვედრის ინიციატივა, თავად სტუდენტების მხრიდან წამოვიდა. ამისთვის მადლობას ვუხდი მათ. ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის სოციალური დახმარების სისტემის რევიზია, შშმ პირთა ბიო სოციალური კლასიფიკაციის მოდელის დაფუძნების აუცილებლობა, ადამიანის უფლების დაცვასა და იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელზეც ახალი მოწვევის პარლამენტში ვიმუშავებთ",  - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.


მისივე თქმით, მისასალმებელია "სპექტრის" თითოეული სტუდენტის მონდომება და ის, რომ მთელი აქცენტი კეთდება არა სოციალური მომსახურებაზე, არამედ დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფაზე.


როგორც „სითი კვირას" „სპექტრის" დირექტორმა მათე ტაკიძემ განუცხადა, კოლეჯში 42 შეზღუდული შესაძლებლობის და სხვადასხვა საჭიროების მქონე პირი სწავლობს. ეს შეხვედრა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან პრობლემები უშუალოდ იმ ადამიანებისგან მოისმინეს, ვისაც ის აწუხებს და ასევე შშმ პირებმა მიიღეს პასუხი იმაზე, თუ როგორ აპირებენ დეპუტატები, ახალი მოწვევის პარლამენტში მათი უფლებების დაცვას.

 

„ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია და მომავალშიც გაგრძელდება," - განაცხადა მათე ტაკიძემ.

 

როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კოლეჯის ყოფილმა სტუდენტმა ნათია ლუკავამ განაცხადა, ამ შეხვედრაზე დასწრება ბევრ შშმ პირს სურდა, თუმცა მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხეს მისვლა.


​ნათია ლუკავა თავად შშმ პირია და ინფრასტრუქტრული პრობლემა ყველაზე მეტად აწუხებს. მას გადაადგილებაში აქამდე მამა ეხმარებოდა. იმედოვნებს, რომ ახალი ლურჯი ავტობუსი მის რაიონშიც დაინიშნება და მგზავრობისას პრობლემები არ შეექმნება, მუნიციპალურ ტრანსპორტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner