საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ განაცხადა, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში მოსამართლეთა მთლიანი კორპუსი თანხმდება საზოგადოებასთან გადაწყვეტილებებით საუბარზე. თავაძემ ასევე კომენტარი გააკეთა მისი მოადგილეების, იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი და მეორე კოლეგიების თავმჯდომარეების ვინაობის შესახებაც, თუმცა არც დაადასტურა და არც უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მის მოადგილეებად მოიაზრებიან მერაბ ტურავა და ლალი ფაფიაშვილი.
„კოლეგიების დაკომპლექტებას რაც შეეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადა, შესაბამისად, ჩემს მიერ მოხდება კოლეგიების გადახალისება, რასაც კანონი მოითხოვს. კანდიდატებს წარვადგენ პლენუმის წინაშე და პლენუმი ხმათა უმრავლესობით აირჩევს კოლეგიების თავმჯდომარეებს. 10-დღიანი ვადა მაქვს და დღეს ნუ მომაფიქრებინებთ, მოადგილე ტურავა იქნება თუ ვინმე სხვა", - აღნიშნა ზაზა თავაძემ.