ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ PalitraNews-ის გადაცემაში „360 გრადუსი" საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისია, პარლამენტში უნდა შეიქმნას, რადგან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო არის ყველაზე მაღალი ლიგიტიმაციის მატარებელი.
რაც შეეხება პროცესში პრეზიდენტის ჩართვას, ბესელიას განმარტებით, პრეზიდენტს ან მის წარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა კომისიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს.
„ასე იყო აქამდე და ასეც იქნება მომავალში. მას ბუნებრივია ექნება შესაძლებლობა კომისიის ფარგლებში თავად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა. ზოგადად, თქვენ იცით, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება კონსტიტუციით არის გაწერილი და არის ამომწურავი ჩამონათვალი. როგორც წესი არ შეიძლება ამ უფლებამოსილების გარდა რაიმე სხვა უფლებამოსილება დაემატოს პრეზიდენტს.
დღეს იყო განცხადებები, რომ შეიძლება თუ არა ცალკე კომისია შექმნას პრეზიდენტმა და ა.შ. ზოგადად თუ ეს არის სამუშაო ჯგუფი, არათუ პრეზიდენტს, არავის ეზღუდება სამუშაო ჯგუფების შექმნა, მაგრამ თუ ვსაუბრობთ სახელმწიფო კომისიის შექმნაზე, როგორც წესი, ამას საკანონმდებლო ორგანო აკეთებს.
როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" დროს პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეიკვეცა და დაკნინდა, ერთ-ერთი უფლება, რაც წაართვეს მაშინ პრეზიდენტს, იყო საკანონდებლო ინიციატივის უფლება. პრეზიდენტს არ აქვს უფლება პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს. ის საკანონმდებლო პროცესში ერევა მხოლოდ ბოლოს, როდესაც ხელს აწერს ან ვეტოს ადებს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.