logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: მიშა რუსეთთან „დალაგების“ თავისებურ ვარიანტს გვთავაზობს...
- +

21 ოქტომბერი. 2016. 02:21


 

„პატრიოტთა ალიანსის" წევრი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

 

„მიხეილ სააკაშვილის ეს გამოსვლა პარლამენტში ჩემი ვარაუდით დათარიღებული უნდა იყოს 2009 წლით. (თუმცა შესაძლოა 2006 წლითაც) აქ იგი საუბრობს ურთიერთობებზე რუსეთთან. მე თავად ტექსტის კომენტირებისგან, რომელსაც აქ გთავაზობთ (ჩანაწერთან ერთად) თავს შევიკავებ, მხოლოდ დავსძენ, რომ საკმარისია ვინმემ პოლიტიკურ სცენაზე ხმა ამოიღოს ისე, რომ გავა ცნობილი ფორმულის „გაუმარჯოს დასავლეთსა და NATO-ს, ერთადერთ ტრანსატლანტურ ვექტორს" დამკვიდრებული ჩარჩოდან, მას მაშინვე კრემლიდან მართული უპრინციპო და გაყიდული პოლიტიკოსის, უარეს შემთხვევაში კი აგენტის იარლიყი მიეწებება. არადა, აქ არსადაა საუბარი იმაზე, რომ მიშა დასავლეთს ზურგს აქცევს. ის უბრალოდ რუსეთთან „დალაგების" თავისებურ ვარიანტს გვთავაზობს:

 

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან. მთავარი ის არის, რომ დაბალანსების პოლიტიკა საგარეო პოლიტიკაში უნდა ამოიძირკვოს. ჩვენ არ უნდა დავსვათ კითხვა, ან ამერიკა, ან რუსეთი, ან ევროპა ან ამერიკა, ჩვენ გვინდა ყველაფერი, რაც არის კარგი ჩვენთვის. ჩვენ გვინდა ამერიკაც, რუსეთიც, ევროპაც, ახლო აღმოსავლეთიც, თუ ეს წაადგება საქართველოს ინტერესებს. და ჩვენს მეზობელთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ინტერესების. ხელოვნურად გაღიზიანება რუსეთის, წინა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომ თავისი შინაგანი სისუსტეების კონპენსირება მოეხდინა რუსეთთან აგრესიული რიტორიკით დამთავრდა ძალიან ცუდად ჩვენთვის და ჩვენი და რუსეთის ურთიერთობებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, თანმიმდევრული, პრინციპული, ღირსეული საუბრით რუსეთთან ჩვენ შევძლებთ ამ ქვეყნის შემობრუნებას და ამ მხრივ ყველა სიმპტომები უკვე სახეზეა -  დღეს, სამი თვის წინანდელისგან განსხვავებით რუსეთის საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად პოზიტიურად განეწყო საქართველოს მიმართ. მე ეს ვერ წარმომედგინა, რომ ასე ჩქარა შეიძლება მომხდარიყო. დღეს საქართველოს ხსენებაზე რუსეთში უკვე აღარ არის ის უარყოფითი რეაქცია, რომელიც იყო და რომელმაც ძალიან დაგვაზარალა თავის დროზე. დღეს აღარ არის მოდაში თუნდაც ყველაზე ნაციონალისტი პოლიტიკოსებისგან საქართველოს ლანძღვა და ამითი პოლიტიკური ქულების დაწერა, იმიტომ, რომ ამას აზრი აღარა აქვს. თავის დროზე ასეთმა რიტორიკამ საქართველოში ათჯერ და ასჯერ დაგვაზარალა და სერიოზულად მოგვითხარა ძირი აფხაზეთში და საქართველოს სხვა რეგიონებშიც. ამიტომაც სერიოზული, პარტნიორული ურთიერთობების წარმოება რუსეთთან მე მიმაჩნია ჩემს ერთ-ერთ ამოცანად  და ამ მხრივ ჩვენ უახლოეს პერიოდში იმედია მივიღებთ სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილებას - შეიძლება მთლიანად შეცვლა, მთლიანად გაუქმება სწორი არც იყოს მაგრამ გამარტივება სრულიად აუცილებელია, ჩვენ მივიღებთ ახალი ეკონომიკური პრეფერენციების გარანტიებს რუსეთიდან, ყოველ შემთხვევაში ამაზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია რომ სხვა ნაბიჯები გადმოდგა რუსეთმა ჩვენთან შესახვედრად, და ჩვენც უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენთვის სასარგებლო, ჩვენს წინაშე მდგომი შიდა ამოცანების უახლოეს დროში ასევე გადასაწყვეტად".

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner