ავტორი ალა გრიგალაშვილი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის გუშინდელი განცხადებები მოულოდნელი არ ყოფილა „ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივნისთვის. როგორც მანანა ნაჭყებიამ „რეპორტიორს" განუცხადა, რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ პრინციპული პოლიტიკა და კრიტიკული განცხადებები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორინტაციას უკავშირდება.
„კარასინის განცხადებები მოსალოდნელი იყო. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის, ასევე ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის შემდეგ, რუსეთი, ბუნებრივია, სერიოზულად გაღიზიანებულია. მან დაინახა, რომ საქართველოში თანდათანობით იმარჯვებს პოლიტიკა, რომელიც დასავლეთზეა ორიენტირებული და არა რუსეთზე. აქედან გამომდინარე, რუსეთმა, მისი აზრით, დასაჯა საქართველო. არ მგონია, საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა განიცდიდეს, რომ რუსეთთან უვიზო რეჟიმი არ გვაქვს. ცხადია, კარგი იქნება, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ ყველა ქვეყანაში უვიზოდ ჩასვლა, გვქონდეს მეტი საშუალება, გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის რუსეთშიც, მაგრამ რუსეთმა დაგვანახა, რომ მას არ სურს საქართველოსთან ასეთი ურთიერთობა, ანუ ის არ აპირებს ურთიერთობას საქართველოსთან, რომელსაც თავისუფალი არჩევანი აქვს და ეს თავისუფალი არჩევანი არის დასავლეთი და არა რუსეთი", - განაცხადა ნაჭყებიამ.
რაც შეეხება ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრას, ნაჭყებიას თქმით, აუდიენცია უნდა შედგეს მას შემდეგ, რაც რუსეთი გადაწყვეტს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს.
„ასეთი შეხვედრისთვის ნიადაგი ჯერ მომზადებული არ არის. პრეზიდენტის მრჩეველმა და პრემიერ-მინისტრმა კარგად აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის წყალგამყოფი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. სანამ რუსეთი არ ჩამოყალიბდება საქართველოსთან დამოკიდებულებაში ამ მიმართულებით, რომ მზად არის, აღიაროს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გაიყვანოს შეიარაღებული ძალები, მანამდე შეხვედრა არ უნდა შედგეს. ტერიტორიული მთლიანობის საკითხის განსახილველად კი შესაძლებელია, მართლაც შეხვდნენ ჩვენი ქვეყნის პირველი პირები რუსეთის პირველ პირებს. როდესაც რუსეთი აცხადებს, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საბოლოოდ აქვს მიღებული გადაწყვეტილება და საკითხი განხილვას აღარ ექვემდებარება, ვფიქრობ, ჩვენი მხრიდანაც არანაირი სწრაფვა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის პირველი პირები შეხვდნენ რუსეთის პირველ პირებს, არ უნდა არსებობდეს. თუ იქნება მათი მხრიდან დათმობა, მაშინ კი უნდა შედგეს ეს შეხვედრა", - განაცხადა ნაჭყებიამ.