logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: თინა ხიდაშელის რიტორიკა საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება
- +

17 მარტი. 2016. 13:31


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი სახის რეაგირება მოსალოდნელი იყო. როგორც ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის გაღიზიანებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის კონფრონტაციული განცხადებები იწვევს.

 

„კარასინის გამონათქვამებში ახალი არაფერია და ეს არის რუსეთის ის ჩვეული რიტორიკა, რომლითაც იგი ახდენს ხოლმე რეაგირებას ჩვენი პოლიტიკოსების განცხადებებზე. ამ რიტორიკის გამწვავება ძალიან ხშირია წინასაარჩევნოდ. ბატონმა კარასინმაც გაუსვა ხაზი, რომ პოლიტიკოსების მხრიდან სწორედ წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე ისეთი რიტორიკის გამოყენება, რომელსაც არასაარჩევნო პერიოდში ადგილი არ აქვს. სამწუხაროდ, როდესაც ასეთ რიტორიკაზე ვსაუბრობთ, ყველაზე მეტი აქცენტები თავდაცვის მინისტრებზეა მიმართული. ვგულისხმობ ირაკლი ალასანიასა და თინა ხიდაშელს. როდესაც შენ ხარ თავდაცვის მინისტრი, შენი რიტორიკა არის სამხედრო კონფრონტაციული ხასიათის და საომარი მნიშვნელობის, ეს არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.  

 

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან პრაღაში საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა.


„ახლა მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა, რომელიც ისმის საერთაშორისო არენაზე, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც. ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ეს ისმის ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი. ჩვენ თავისთავად ამას ვაქცევთ ყურადღებას, ვცდილობთ, ყველაფერს არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ და აი, ახლა სწორედ ის წყალგამყოფია, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. ჩვენ ან ვუბრუნდებით კონფრონტაციას, იმ სიუჟეტების ძიებას, რომელსაც შეუძლია ჩვენ კვლავ წაგვაკამათოს, ან ჩვენ დავალაგებთ ნორმალურ, პატივსაცემ ურთიერთობებს და ამ კონტექსტში გადავჭრით ჩვენს ორმხრივ ამოცანებს.

 

ყველა პოლიტიკოსს უნდა, გაამკაცროს თავისი პოზიცია, რათა აჩვენოს, რომ ყველაზე მეტი პატრიოტები, მკაცრები და შეურიგებლები არიან ე.წ. რუსული ექსპანსიის და მუქარის წინააღმდეგ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. წესიერ საზოგადოებაში, როგორც წესი, ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი", - აღნიშნავს კარასინი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner