logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია: თინა ხიდაშელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დაძაბვას ცდილობს
- +

17 მარტი. 2016. 13:40


„საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეგნებულად ცდილობს, თავისი უპასუხისმგებლო განცხადებებით დაძაბოს ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის", - ამის შესახებ „ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ეს არის გამიზნული ქმედება და არა შეცდომა.

 

ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადება საქართველოსთან მიმართებაში სავსებით ლოგიკურია და მოსკოვის პოზიცია სწორედ თინა ხიდაშელის განცხადებებმა განაპირობა.

 

„როცა რუსეთის, მეზობელი სახელმწიფოს მიმართ რომელიმე პოლიტიკოსი აკეთებს მუქარის შემცველ განცხადებას, ეს, რა თქმა უნდა, შეცდომაა. მაგრამ, როცა მუქარის განცხადებას აკეთებს თავდაცვის მინისტრი, ეს არის რუსეთისთვის დამატებითი არგუმენტი ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის.

 

თინა ხიდაშელის მიზანია, გააჩინოს დამატებითი პრობლემები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, რადგან, ხედავს, რომ ქართველი და რუსი საზოგადოება შერიგებისკენ მიდიან.

 

რა თქმა უნდა, ასეთი განცხადება კარასინის მხრიდან იყო სავსებით ლოგიკური. ეს არ არის გაფრთხილება და მუქარა, ეს არის სავსებით გასაგები პოზიცია რუსეთის მხრიდან", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.


შეგახსენებთ,  გრიგორი კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან პრაღაში საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა.


„ახლა მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა, რომელიც ისმის საერთაშორისო არენაზე, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც. ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ეს ისმის ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი. ჩვენ თავისთავად ამას ვაქცევთ ყურადღებას, ვცდილობთ, ყველაფერს არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ და აი, ახლა სწორედ ის წყალგამყოფია, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. ჩვენ ან ვუბრუნდებთ კონფრონტაციას, იმ სიუჟეტების ძიებას, რომელსაც შეუძლია ჩვენ კვლავ წაგვაკამათოს, ან ჩვენ დავალაგებთ ნორმალურ, პატივსაცემ ურთიერთობებს და ამ კონტექსტში გადავჭრით ჩვენს ორმხრივ ამოცანებს.

 

ყველა პოლიტიკოსს უნდა, გაამკაცროს თავისი პოზიცია, რათა აჩვენონ, რომ ყველაზე მეტი პატრიოტები, მკაცრები და შეურიგებლები არიან ე.წ. რუსული ექსპანსიის და მუქარის წინააღმდეგ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. წესიერ საზოგადოებაში, როგორც წესი, ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი", - განაცხადა კარასინმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner