გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ბორის ჩაგუნავა წაყენებულ ბრალს აღიარებს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" საქმის ერთ-ერთ პროკურორ ლია ჩადუნელზე დაყრნობით ავრცლებს.
პროკურორის ინფორმაციით, ჩაგუნავა აღიარებს, რომ ის იარაღს ინახავდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან რაიმე კავშირს გამორიცხავს.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ბრალდებულმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გამართულ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ იარაღი, საბრძოლო მასალა და ნახაზები შესანახად დავით ხეჩუაშვილმა გადასცა, რომელიც გამოძიების ვერსიით, თარგამაძის მანქანის აფეთქებაშია ბრალდებული. ჩაგუნავამ პროცესზე ხაზი გაუსვა, რომ მისთვის ხეჩუაშვილის გეგმები უცნობი იყო.
გარდა ამისა, როგორც „ინტერპრესნიუსს" ბრალდებულ ბორის ჩაგუნავას ინტერესების დამცველმა ელიზავეტა ჯაფარიძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ სურს მისი პოზიციების საჯაროდ დაფიქსირება და შესაბამისად, ის ვერ ისაუბრებს იმაზე, აღიარებს თუ არა ჩაგუნავა წარდგენილ ბრალს ან რა გარემოებებზე ისაუბრა მან სასამართლო პროცესზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბორის ჩაგუნავა, 19/109 მუხლით კი, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ბრალი 1974 წელს დაბადებულ დავით ხეჩუაშვილს წარედგინა.