ჯანდაცვის სამინისტრო დედოფლისწყაროში ავარიის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც 2030.news-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამ დროისთვის დედოფლისწყროში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი სამხედრო მოსამსახურის თბილისის კლინიკებში ჰოსპიტალიზაცია მიმდინარეობს.
ერთი დაშავებული, რომელსაც მენჯის ძვლის მოტეხილობა, ასევე მუცლისა და თავის ტრავმები აღენიშნება, კატასტროფის ეკიპაჟს ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავს.
კლინიკა „ტრავმატოლოგში" მიმდინარეობს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირის ჰოსპიტალიზაცია. მას თავის ტრავმა აღენიშნება.
„ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. კლინიკები დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო სერვისებით, შეფერხების გარეშე უზრუნველყოფენ",-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ამასთან, დაგეგმილია თბილისში კიდევ სამი დაშავებულის გადმოყვანა.
სტაბილურია წნორის კლინიკაში განთასებული 8 პაციენტის მდგომარეობა. მათ შესაბამისი მკურნალობა ადგილზე უტარდებათ და თბილისში გადმოყვანას არ საჭიროებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა.