logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ახალკაცი: რულოვსის წინაღმდეგ ოქროს მოწმეები მყავს...
- +

21 ოქტომბერი. 2016. 22:26



ყოფილმა პატიმარმა, ალექსანდრე ახალკაცმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ მისი საქმის გამოძიება აქტიურ ფაზაშია, სადაც სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ასეულობით დამნაშავე პირი იკვეთება. როგორც ხალკაცი აღნიშნავს, მისი წამება სამართლიანობისთვის ბრძოლის გამო ხდებოდა.


„ძალიან ბევრ საქმეში განადგურებულია ის დოკუმენტი, რომელიც როგორღაც გადარჩა და, რომელიც დღეს მე პროკურატურიდან წამოვიღე. ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ როცა ე.წ-მა კაპეზემ მიმიღო და ჩემი დათვალიერება მოხდა, დაწერეს, რომ ფიზიკური დაზიანებები არ აღმენიშნებოდა. ახლა, როცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა, დარწმუნებული ვარ, დაიწერება იმ ყველა დაზიანების შესახებ, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათ შორის, ხათუნა კალმახელიძის თვალწინ მომაყენეს. ამის შედეგად, კონკრეტულ პირებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრება და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან. რომ არა ეს დოკუმენტი, გამიჭირდებოდა იმის დამტკიცება, მქონდა თუ არა დაჭერამდე ეს დაზიანებები.

 

როცა გავიგე, გლდანის ციხეში გვერდით კამერაში ბიჭი ცემით როგორ მოკლეს, ამაზე საჩივარი დავწერე. თითი მომამტვრიეს, რომ განცხადებები ვეღარ დამეწერა, მაგრამ ამან ვერ შემაშინა. მორგში მთელი ღამე იმიტომ გამატარებინეს, რომ სამართლიანობისთვის ვიბრძოდი და განცხადებების წერას არ ვეშვებოდი. ჩემი დაპატიმრების მიზეზიც სწორედ ეს იყო", - განაცხადა ყოფილმა პატიმარმა.


როგორც მან აღნიშნა, მისი წამება ხათუნა კალმახელიძემ ორჯერ დაუკვეთა ციხის ადმინისტრაციას, კონკრეტულად - ლევან პაჭკორიას, ე.წ ნინძას რომელიც ჩვეულებრივი მკვლელია და დღემდე გარეთ დადის.


„ამის მიზეზი ის იყო, რომ მე მიხეილ სააკაშვილს დიდ დისკომფორტს ვუქმნიდი. 2009 წელს მიღებული კანონით, პატიმრებს გამოცდების ჩაბარება შეეძლოთ. განცხადება იმავე წელს დავწერე, მაგრამ ის მაშინვე გააქრეს და გამოცდები ვერ ჩავაბარე. 2010-ში ეშმაკობა ვიხმარე, განაცხადი დედას დავაწერინე და აბიტურიენტად დავრეგისტრირდი. ზუსტად ვიცოდი, რომ გამოცდებს ჩავაბარებდი და ჩემი გათავისუფლება ისე მოუწევდათ, რომ სააკაშვილისთვის პატიების  თხოვნა არ დამჭირდებოდა. ეს მათ არ აწყობდათ და მაიძულებდნენ, ეროვნულ გამოცდებზე გასვლაზე უარი მეთქვა. ჩემი წამების ბრძანება ხათუნა კალმახელიძემ სწორედ ამიტომ გასცა. ამ ფაქტის მოწმე ძალიან ბევრი ადამიანია. ამის შემდეგ პირველი გამოცდა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზით გამაცდენინეს, რასაც გარკვეული რეზონანსი მოჰყვა და ისინი იძულებული გახდნენ, დანარჩენ გამოცდებზე გავეყვანე. პროფესიულ სასწავლებელში მაინც ჩავირიცხე და ამ პერიოდში აღმოვაჩინე, ქსნის დაწესებულებაში პატიმრებს შიდსით ძალით როგორ აავადებდნენ. ამის გამო შიმშილობა გამოვაცხადეთ და სახალხო დამცველს მივმართეთ, მაგრამ გიორგი ტუღუშმა გვითხრა, რომ ციხის ადმინისტრაციისთვის დაგვეჯერებინა", - განაცხადა ახალკაცმა.


მისი თქმით, არსებობენ მოწმეები, რომლებიც სანდრა რულოვსის დანაშაულებრივ ქმედებებს დაადასტურებენ.


„სანდრა რულოვსის წინაღმდეგ ოქროს მოწმეები მყავს, რომლებიც მის დანაშაულებრივ ქმედებებს დაადასტურებენ. სანდრა რულოვსს გლობალურ ფონდთან ერთად საქართველოში ის ნაგავი წამლები შემოჰქონდა, რომლებიც ადამიანს ფსიქიკურად ანგრევს. ამ მედიკამენტებს პატიმრებს ასმევდნენ, რომლებიც ისეთ მდგომარეობაში ვარდებოდნენ, რომ თავებს იჩეხავდნენ", - განაცხადა ალექსანდრე ახალკაცმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner