logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: ჩემს ოლქში ანტინაციონალურ მოძრაობისეულ კოალიციას ვქმნით!
- +

21 ოქტომბერი. 2016. 23:07



„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ „palitranews"-ის გადაცემაში „360 გრადუსში" განაცხადა, რომ ისისნი აქტიურად იმუშავებენ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" აღარ იყოს ქართული პოლიტიკის აქტუალური თემა.


გაბუნიას განცხადებით, სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ანტინაციონალურ კოალიციას ქმნის, რომელიც საზოგადოებას ყოფილი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს და დანაშაულებრივ ქმედებებს შეახსენებს.


მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ აკონკრეტებს, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები უერთდებიან აღნიშნულ კოალიციას, თუმცა აცხადებს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გაერთიანება ერთსულოვნად მოხდა.


„ჩვენ ვქმნით „ანტინაციონალურ კოალიციას", რადგან არ გვსურს 28-ე მანდატი ამ პარტიას დავუთმოთ, საზოგადოება ამისთვის მობილიზებულია და ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ. ამ ყველაფერში თავიანთი წვლილი შეაქვთ იმ კანდიდატებსაც, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს არჩევნების პირველ ტურში. ჩვენ ვიმუშავბებთ აქტიურად, რომ  „ნაციონალური მოძრაობა" აღარ იყოს ქართული პოლიტიკის აქტუალური თემა. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სხვადასხვა პარტიის უკვე ყოფილი კანდიდატების მხრიდან თემქასა და ნაძალადევში არის ერთსულოვნება „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ.

 

მე არ ვაპირებ შევეგუო იმ 26%-ს რომელიც ,,ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, თუ რას აკეთებენ, როდესაც ხაზავენ 5 ნომერს, ვინ არიან ეს ადამიანები და რა მოუტანეს ქვეყანას", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.


გავრცელებული ინფორმაციით, ანტინაცონალურ კამპანიაში გაწევრიანებას პარტია „თავისუფალი დემოკრატების" წევრებიც გეგმავენ, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ზაზა გაბუნია არც ადასტურებს და არც უარყოფს.


„სჯობს დაველოდოთ ხვალ დაგეგმილ ბრიფინგს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ თემქასა და სანზონაში ვქმნით ერთგვარ კოალიციას, რომელსაც სხვადასხვა პარტიის კანდიდატები, შტაბი და რაც მთავარია მოქალაქეები უერთდებიან", - აღნიშნა გაბუნიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner