logo_geo
eng_logo
დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში უმკურნალებენ
- +

22 ოქტომბერი. 2016. 02:41



კახეთში, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 28 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებს მკურნალობას. ამჟამად დაშავებული სამხედროების დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა მიმდინარეობს.


შედარებით მძიმედ დაშავებული 8 სამხედრო კი თბილისში გადმოიყვანეს, 4 მათგანი პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე 4 სამხედრო მოსამსახურე შპს „ტრავმატოლოგის" რეანიმაციულ განყოფილებებშია გადაყვანილი და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდებათ. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.


ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილობრივმა ექიმებმა აღმოუჩინეს.


დედოფლისწყაროში დაუყონებლივ გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ლევან იზორიამ დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მიიღო.


მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე გასულია სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი და სამსახურეობრივ შემოწმებას აწარმოებს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner