logo_geo
eng_logo
„ადამიანები ბერდებიან, ნამდვილი სიყვარული კი – არა!“ - 19 ოქტომბერს გიგა ლორთქიფანიძის დაბადების დღეა
- +

19 ოქტომბერი. 2016. 12:45



ცნობილი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი სახელი ქართულ კინემატოგრაფიაში უდიდესი მნიშვნელობის შედევრის „დათა თუთაშხიას" შექმნას უკავშირდება, რომ არაფერი ვთქვათ მის მიერ გადაღებულ სხვა ფილმებსა თუ სპექტაკლებზე.



გრიგოლ (გიგა) დავითის ძე ლორთქიფანიძე დაიბადა 1927 წლის 19 ოქტომბერს თბილისში. რეჟისორის ბავშვობა მძიმე პერიოდს დაემთხვა. იგი ხომ თავადების შთამომავალი გახლდათ. რეპრესიების დროს დავით ლორთქიფანიძეს ახლობელი, მეგობარი აღარ დაუტოვეს, რომ არ გადაესახლებინათ, ან არ დაეხვრიტათ. მამამისიც დიდხანს იმალებოდა.


12 წლის გიგა თუთის ხიდან ჩამოვარდა, ფეხი მოიტეხა და ღია ჭრილობის გამო განგრენა დაემართა. „მახსოვს, დედა ჩემს ლოგინთან იჯდა, ფანჯარასთან კი შესანიშნავი ქირურგი, პროფესორი ჭეიშვილი იდგა, რომელმაც გამსინჯა და, როგორც ჩანს, ფანჯარასთან ფიქრობდა, რა ზომები მიეღო. ამ დროს კარი გაიღო და მამაჩემი შემოვიდა. ასეთ დროს მას საქართველოში არავინ ელოდა, რადგან იმალებოდა. დაჯდა ლოგინზე, ფეხზე ხელი მომისვა და მითხრა, მაგრად იყავი, ვაჟკაცი ხარ, უნდა გაუძლოო. მთელი ამ ხნის მანძილზე ექიმი არ მობრუნებულა, კვლავ ფანჯარაში იყურებოდა. დედაჩემმა მამას ჩხუბი დაუწყო, ახლავე წადიო და ძალით გააგდო ოთახიდან. წავიდა თუ არა, რამდენიმე წუთში კარი გაიღო და კგბ-ს სამი თანამშრომელი, შემოვიდა, დედაჩემს ჰკითხეს, თქვენი ქმარი აქ იყოო? - დედამ - არავინ ყოფილაო. ერთ-ერთი, ოქროსკბილებიანი ჩეკისტი ლოგინზე ჩამომიჯდა, ბიძიკო, მამაშენი აქ იყოო? ამ დროს პროფესორი ჭეიშვილი მოუბრუნდა და უთხრა, გიკრძალავთ ბავშვთან ლაპარაკს, რადგან მძიმე მდგომარეობაშია. ორი საათი აქ ვარ და არავინ ყოფილაო".


პროფესორი ჭეიშვილი გიგა ლორთქიფანიძისთვის ბოლომდე საოცარ პიროვნებად დარჩა, რომელმაც უცხო ადამიანებისთვის თავი გაწირა. მისი თავდადების გამო ჩეკისტებმა ლორთქიფანიძეებს ბოდიში მოუხადეს, რადგან ვერ წარმოიდგინეს, რომ პროფესორი ტყუილს იკადრებდა და გავიდნენ.


საბოლოოდ, მართალია, მამამისმა ექვსი წლის მანძილზე მოახერხა ჩეკისტებისგან დამალვა, მაგრამ მოსკოვში მაინც დააპატიმრეს. ისევ ქართველმა დაასმინა, გვარად მესხმა.


უფრო ადრე, მისი ოჯახი გადაურჩა რეპრესიებს. 1924 წლის აჯანყების შემდეგ რეპრესიები რომ დაიწყო, იმ დროს გიგას მამა, დედა და ორი წლის მარიკა ლორთქიფანიძე სოფელ ქვიტირში მამის ძმასთან იყვნენ ჩასულნი. უკვე თბილისში წამოსვლას აპირებდნენ და სამტრედიის სადგურის ქუჩასთან იდნენ. ამ დროს დაიწყო უბედურება, ხალხს ვაგონებში ტენიდნენ, ვაგონები ქალაქგარეთ გაჰყავდათ, ძირითადად ჭიათურის რაიონში, და ტყვიამფრქვევებით პირდაპირ ვაგონებს ცხრილავდნენ.


გიგა ლორთქიფანიძე იხსენებდა, რომ მამამისსაც მოსთხოვეს საბუთების წარდგენა, მანაც პასპორტი გაუწოდა, თუმცა გვარი ლორთქიფანიძე ამოიკითხეს და უთხრეს, წამობრძანდითო. ეს ნიშნავდა, თავადიშვილს ამ დროს აქ რა გინდაო. უეცრად დედამისმა ლევან ღოღობერიძე დაინახა, რომელიც ამ საშინელ ოპერაციას ატარებდა იმერეთში, მას რამდენიმე ჩეკისტი მოჰყვებოდა. ლევანი მათი ოჯახის ახლობელი იყო.


„დედაჩემი ჰყვებოდა, ისეთ დღეში ვიყავი, პირი გავაღე, უნდა დამეძახა - ლევან, მაგრამ ვერ დავიყვირეო. საბედნიეროდ, ლევანმა თავად დაინახა, მოტრიალდა, აქ რა გინდაო? დედაჩემმა - დათიკო წაიყვანესო. ლევანი მოწყდა ადგილიდან, გავარდა და 15-20 წუთში მამა გამოუშვა. მოგვიანებით უკვე თბილისში უთხრა დედაჩემს, შენი იღბალი, რომ ვერ დამიძახე, თორემ ვერ დაგეხმარებოდი, რადგან გაიგებდნენ, რომ ჩემი ახლობელი ხარო".


გიგა ლორთქიფანიძე უკვე თეატრალური ინსტიტუტის ლექტორი იყო, ქეთინო კიკნაძე კი, - მესამე კურსის სტუდენტი. გიგამ ის შემთხვევით დაინახა დერეფანში... დაინახა და მაშინვე ის გაიფიქრა, - ეს გოგო ჩემი ცოლი გახდებაო. არადა, 30 წლის გიგას მანამდე გატაცებაც მრავლად ჰქონდა და რომანიც, თუმცა ასეთი რამ ფიქრად არც მოსვლია.


ინსტიტუტში უკვე შემჩნეულები იყვნენ და წყვილადაც მოიაზრებოდნენ, მაგრამ ასე მალე მაინც არ ელოდა სტუდენტი გოგო რეჟისორისგან ამ წინადადებას. ესღა მოახერხა, - ცოტა დამაცადეთ, მოვიფიქრებო. ის მასზე 10 წლით უფროსი იყო, თანაც უკვე ცნობილი რეჟისორი, ქეთინოს კი ჯერ დამწყები მსახიობიც არ ერქვა. თანაც გოგოს მისი გახმაურებული რომანები აფრთხობდა... ინსტიტუტში რომ მივიდა, გიგამ მაშინვე, - აბა, რა ქენი, მოიფიქრე თუ არაო. ქეთინო გაწითლდა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა: თანახმა ვარ. მათი ოჯახი მტკიცე გამოდგა. იყო უსიამოვნებები და პრობლემები, მაგრამ ყველაფერს გაუძლეს. სამი ქალიშვილი შეეძინათ. გიგა კარგა ხანს ხუმრობდა, - სულ ქალები მახვევია თავს, კიდევ კარგი, სიძეები მაინც კაცები შემხვდნენო. კი ხუმრობდა, მაგრამ მის გულს მაინც ეთანაღრებოდა, რომ გვარის გამგრძელებელი არ ჰყავდა. ერთ-ერთმა სიძემ (უმცროსი ქალიშვილის ქმარმა) კი სიმამრს ასიამოვნა და თავის ბიჭს ბაბუის გვარი მისცა.


ქეთევან კიკნაძე: - ხასიათის სიმძიმის მიუხედავად, გიგა ყოველთვის რომანტიკული და საინტერესო კაცი იყო, ამიტომაც წყენა დიდხანს არც მიმყვებოდაო. - ადამიანები ბერდებიან, ნამდვილი სიყვარული კი - არა! - ასე სწამდა რეჟისორს და თვლიდა, რომ უბედნიერესი კაცი იყო.


გიგა ლორთქიფანიძის მნიშვნელოვანი დადგმებია კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი", კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი", ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", „მე ვხედავ მზეს", პ. კაკაბაძის „კახაბერის ხმალი", ა. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი", ნ. კოროსტილიოვის „ასი წლის შემდეგ" და „მარტოობის დღესასწაული", ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა", სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე", ვ. აბაშიძის მუსიკალურ თეატრში - „მევიოლინე სახურავზე", თბილისის საოპერო თეატრში ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე", ბ. კვერნაძის „კოლხთა ასული", ბათუმის საოპერო თეატრში - ჯ. ვერდის „აიდა". განხორციელებული აქვს დადგმები მოსკოვის თეატრ „სოვრემენნიკში" და მოზარდ მაყურებელთა თეატრში მალაია ბრონნაიაზე.


გიგა ლორთქიფანიძე იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი 1992-95 წლებში. საქართველოს და სსრ კავშირის სახალხო არტისტი, საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი, „შრომის წითელი დროშის" და „საპატიო ნიშნის" სამი ორდენის კავალერი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი. 1985 წელს გრიგოლ ლორთქიფანიძეს მრავალსერიანი მხატვრული ფილმის „წიგნი ფიცისა" შექმნისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. მინიჭებული აქვს სხვა სახელმწიფო ჯილდოები. 1996 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.


გიგა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 2013 წლის 13 ივნისს, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.




 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner