logo_geo
eng_logo
დოდო ხურცილავა: მჯერა, რომ მეგრელები თავს არ მოიჭრიან!
- +

22 ოქტომბერი. 2016. 12:47



თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა საქართველოში დღეს არსებულ მდგომარეობას აფასებს:


- ამ არჩევნებით გამოაშკარავდა, რომ ნაციონალების მომხრეებიდან 15 პროცენტი დანაშაულებრივ გუნდთან არის შესისხლხორცებული, ხოლო დანარჩენები სექტანტები არიან: მიშამ თუნდაც მოგვკლას, ოღონდ ჩამოვიდესო! იქნებ ბიძინა ივანიშვილი დაეხმაროს, ოდესამდე ბილეთები უყიდოს და სააკაშვილთან გაგზავნოს?


- „ქართულმა ოცნებამ" გამარჯვება დაიმსახურა?

 

- საქმე ნელა მიდის წინ და ასე ჯობს, ვიდრე ავჩქარდეთ და ისეთ ტალახში ჩავცვივდეთ, როგორშიც 9 წლის განმავლობაში ვიყავით. ამ არჩევნებით ბიძინა ივანიშვილმა ყველას ნიღაბი ჩამოხსნა - პარტიები, რომლებიც დღეს „ქართულ ოცნებას" ლანძღავს, უმადურები და პოლიტიკურად ბეცები არიან. ალასანიას ან რესპუბლიკელებს საკუთარ თავზე ასეთი გადაჭარბებული წარმოდგენა რომ აქვთ, იმ რეიტინგით, რაც მათ დადეს, სააკაშვილს მოიშორებდნენ?


სისხლიანი 26 მაისის მეორე დღეს - 27 მაისს, ალასანიამ ბრძანა - დღეს ხარისხიანი ხალხი შევიკრიბეთო. ხედავთ, რაიმე განსხვავებას მასა და სააკაშვილს შორის? ესე იგი, 26 მაისს შეკრებილები „უხარისხოები" იყვნენ?


- დავით უსუფაშვილის განცხადებაზე რას იტყვით - ნაციონალური მოძრაობა უნდა გავაძლიეროთო?

 

- ამ აზრზე რომ იყვნენ, იმიტომაც არ მისცა ხალხმა ხმა. ნაციონალების დანაშაულებზე ხმას რომ არ ამოიღებ და ლევან გოგიჩაიშვილზე იტყვი, ბანდიტიაო, გვერდზე ვინ დაგიდგება?! ვისაც ნაციონალების გაძლიერება უნდა და ვისაც მიაჩნია, რომ ადრე უკეთესი ცხოვრება გვქონდა, იმათ არაფრად უღირთ ჰეპატიტის პროგრამით გადარჩენილთა სიცოცხლე, არც მათი სიცოცხლე, ვინც ქუჩებსა თუ მანქანებში ჩაცხრილეს; არაფრად მიაჩნიათ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლს უფლება არა აქვს, კაცის მოკვლა დაუკვეთოს!


ბატონო რესპუბლიკელებო, თქვენ არ ხართ ის პარტია, რომელსაც შუღლის გაღვივება და დაპირისპირება უნდოდა? იმის ნაცვლად, რომ მთელი მსოფლიოსთვის გეჩვენებინათ ნაციონალების მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაული, მათთვის პოლიტიკური მოღვაწეობა აგეკრძალათ და ციხეში ჩაგესვათ, პირიქით, მათი გაძლიერება მოგინდათ? უსუფაშვილს პარლამენტში სპეციალური კომისია უნდა შეექმნა, მაგრამ ესენი სიტუაციას იმის მიხედვით აფასებენ, მაცივარში საჭმელი აქვთ თუ არა. ჩემი სომეხი მეზობელი, რომელიც ნახევრად შიმშილობს, უფრო დიდსულოვანი და დასაფასებელია, ვიდრე ესენი - „ქართულ ოცნებას" მისთვის მაცივარი არ აუვსია, მაგრამ იცის, რომ ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება დაუშვებელია.


- სანდრა რულოვსმა განაცხადა, მე თუ არ გავიმარჯვე, ისეთი ტალღა წამოვა, ვერ შევაჩერებო...

 

- ქალზე, რომელიც ბუტა რობაქიძის დედას ასე გულგრილად დაელაპარაკება, რა უნდა ვთქვა? მისთვის უცხოა „ვეფხვისა და მოყმის" ბალადის გმირი დედის განწყობა - მას ქართველების სისხლი არაფრად უღირს, დავალება აქვს და უნდა შეასრულოს. სანდრა რულოვსი, რატომღაც, რუსეთის სპეცსამსახურიდან მგონია, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად საქართველოში არეულობა რუსეთს უნდა - რევოლუციის დროს აქედან აფხაზეთი და სამაჩაბლო წაიღეს, ხოლო უკრაინისგან - ყირიმი. უბრალოდ, სანდრა აქ დატოვეს, მიშა - იქ, მშვიდობაში მოიხმარონ!


რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, მჯერა, რომ მეგრელები თავს არ მოიჭრიან და სანდრა რულოვსს ხმას არ მისცემენ.


ყველას ახსოვდეს - ესენი ფარისევლები არიან, შუბლზე ძარღვი აქვთ გაწყვეტილი - გივი თარგამაძის შუბლზე ნამუსის ძარღვის გაწყვეტა უკვე ვნახეთ მისივე მანქანის აფეთქების დროს - ირგვლივ ყველაფერი დაინგრა, ოთხი კაცი დაიჭრა, ხოლო ამას მხოლოდ შუბლი გაეკაწრა. როგორ გვიბედავენ, ვინ ვგონივართ, ამას „ვჭამთ"?


- ყველაზე მეტად ვინ გაგიცრუათ იმედი?

 

- პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც თქვა - საქართველოში ბევრად უფრო ცუდი მდგომარეობაა, ვიდრე 4 წლის წინათ იყოო. მაშინ მის გვერდით იყვნენ ხათუნა ლაგაზიძე და მერაბ მეტრეველი, რომლებსაც ამ სიტყვებზე რეაქცია არ ჰქონიათ, კიდევ კარგი, მერე მიხვდნენ და ბურჭულაძისგან წამოვიდნენ.


- ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ გაუხსენეს, რომ სააკაშვილის გუნდს გვერდით ედგა...

 

- როცა მიხვდა, რომ ესენი საქმის გამკეთებლები არ იყვნენ, ისე მოიქცა, როგორც ტარას ბულბა მოექცა თავის შვილს. პრეზიდენტზეც მოგახსენებთ, მასაც ბიძინა ივანიშვილის ხათრით მისცეს ხმა. არადა, შეიძლება, პრეზიდენტი თავისი მოსახლეობის 60 პროცენტთან იყოს დაპირისპირებული? ეს დამოკიდებულება მაშინ გაჩნდა, როდესაც მის გვერდით ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის - მიშა მაჭავარიანის ძმა ვანო მაჭავარიანი გამოჩნდა.


- სააკაშვილი რატომღაც ოპტიმისტურად არის განწყობილი...

 

- სახე ისევ დასივებული აქვს? - ესე იგი, ოპტიმიზმი არაფერ შუაშია, ყველამ ვიცით, სახე რატომ უსივდება. მიხვდა, აზრი რომ არა აქვს აქ მაგის გამოსვლებს. უკრაინაშიც პრობლემები აქვს.


სააკაშვილს ისიც ეგონა, რომ ჯარი და პოლიცია მის მხარეს იყო, მაგრამ პირიქით - მარნეულში სპეცრაზმმა გადაგვარჩინა იმ არეულობისგან, რომელიც ასე ძალიან უნდოდა ნაციონალურ მოძრაობას.


- „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ერთი და იგივეა?

 

- კარგად გაახილეთ თვალები და დაინახეთ, რას აკეთებს საქართველოში ბიძინა ივანიშვილი. აგებენ ასფალტს, აშენებენ და ჩვენ არ გვაყოლებენ არც ასფალტში და არც კედელში. მაინცდამაინც ხელში ფული უნდა ჩაგიკუჭოს, კმაყოფილი რომ იყო?

 

 

 

ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner