logo_geo
eng_logo
ერთადერთი ოქროს ბურთის მფლობელი მეკარე, ლევ იაშინი 90 წლის გახდებოდა...
- +

22 ოქტომბერი. 2016. 14:06



რუსი ფეხბურთელი ლევ იაშინი დღეს 90 წლის გახდებოდა. იგი 1929 წლის 22 ოქტომბერს მოსკოვში, ბოგოროდსკის რაიონში დაიბადა.


მეორე მსოფლიო ომის დროს, 12 წლის ასაკში, ოჯახთან ერთად ევაკუირებულ იქნა ულიანოვსკში, სადაც 1943 წლის გაზაფხულზე ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მოსკოვში 1944 წელს დაბრუნდა და ქარხანაში განაგრძო მუშაობა, მთელ თავისუფალ დროს კი საყვარელ თამაშს უთმობდა; ტუშინის ნაკრებ გუნდში მეკარედ თამაშობდა.


1949 წელს ლევ იაშინი მოსკოვის „დინამოს" ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა, მალე კი ალეკსეი ხომიჩის შემცვლელი გახდა. ის კარიერის დასრულებამდე ამ კლუბში გამოდიოდა.


მოსკოვის „დინამოს" ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება რთული იყო. გუნდის ძირითად მეკარედ ცნობილი ალეკსეი ხომიჩი ითვლებოდა, რომელსაც გულშემატკივრებმა მეტსახელად „ვეფხვი" შეარქვეს. ლევ იაშინი გუნდის ძირითადი მეკარე 1953 წელს გახდა.


კლუბთან ერთად ლევ იაშინი 5-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი (1954, 1955, 1957, 1959, 1963), ხოლო 3-ჯერ - ქვეყნის თასის მფლობელი (1953, 1967, 1970).


1954 წლიდან ლევ იაშინი საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარე გახდა. მის შემადგენლობაში სულ 78-ჯერ ითამაშა. ნაკრებთან ერთად მოიგო 1956 წლის მელბურნის ოლიმპიური თამაშები და 1960 წლის ევროპის ჩემპიონატი.


მთელ მსოფლიოში ლევს შერქმეული ჰქონდა მეტსახელები: „შავი პანტერა" - შავი სათამაშო ფორმისა და აკრობატული ნახტომებისათვის; ასევე „შავი ობობა" და „შავი რვაფეხა" - გრძელი ხელების გამო.


1963 წელს ჟურნალ „France Football-სგან" მიიღო „ოქროს ბურთი". ის დღემდე ერთადერთი მეკარეა, რომელსაც ეს პატივი ხვდა წილად.


1971 წლის 27 მაისს შედგა ლევ იაშინის გამოსამშვიდობებელი მატჩი, რომელსაც 103,000 მაყურებელი დაესწრო. ერთმანეთს შეხვდნენ საბჭოთა კავშირის სპორტსაზოგადოება „დინამოს" ნაკრები გუნდი (მოსკოვის, კიევისა და თბილისის წარმომადგენლები) და მსოფლიოს ვარსკვლავთა ნაკრები, რომლის რიგებში ითამაშეს ეუსებიომ, ბობი ჩარლტონმა, გერდ მიულერმა და სხვებმა. მოედნის დატოვებისას ლევმა თავისი ხელთათმანები სიმბოლურად გადასცა „დინამოს" 23 წლის მეკარეს, ვლადიმერ პილგუის. მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.


ლევ იაშინი 1990 წლის 20 მარტს გარდაიცვალა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner