logo_geo
eng_logo
კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ გადაღებული 700-ზე მეტ ფილმს რუსეთი საქართველოს დაუბრუნებს
- +

22 ოქტომბერი. 2016. 14:11

 


BBC-ის ინფორმაციით კინოსტუდია „ქართული ფილმის" მიერ გადაღებულ 700-ზე მეტ ფილმს, რომლებიც ამჟამად რუსეთის ფილმების სახელმწიფო ფონდში ინახება, რუსეთი საქართველოს ოქტომბრიდან დაუბრუნებს. საუბარია 706 მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ, 1921- 1991 წლებში, საბჭოთა პერიოდში გადაღებულ ფილმებზე. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ფილმების რუსეთიდან საქართველოში გადატანის პროცესი უკვე დაწყებულია.

 

„პროექტის რეალიზება, რომელიც კინოარქივის რუსეთიდან საქართველოში გადატანას ითვალისწინებს, უკვე დაწყებულია. მთელი ჩვენი კინოარქივი, ორიგინალები, მოსკოვში ინახება და ჩვენ ამაზე რამდენიმე წელია ვმუშაობთ. ორი წლის წინ გაფორმებული მემორანდუმის პრაქტიკული რეალიზება ახლა დაიწყო", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


კინომცოდნე ნანა დოლიძის განცხადებით, საქართველომ ამ საკითხზე კონსულტაციები ევროპელ ექსპერტებთან გამართა. მათთან ერთობლივად ფილმების გადაცემის ტექნიკური და შემოქმედებითი საკითხები დაზუსტდა.


დოლიძის თქმით, საბჭოთა პერიოდში ფილმების ორიგინალები მოსკოვში იგზავნებოდა, ხოლო საბჭოთა რესპუბლიკები „მესამე ასლის" ე.წ. დუბლ-ნეგატივს იღებდა, რომლის ხარისხი ორიგინალთან შედარებით დაბალი იყო. ამ ასლების უდიდესი ნაწილი ხანძარმა გაანადგურა, ხოლო დარჩენილი ნაწილი შენახვის არასათანადო პირობების გამო დაზიანდა. დოლიძე ამბობს, რომ ფილმების ნაწილი, რომელიც საქართველოს დაუბრუნდება, მაყურებელს ჯერ არ უნახავს.


„პირველ ფილმებს შორის იქნება მიხეილ ჭიაურელის „ბოლო გზაზე", ასევე ლეო ესაკიას „ჰოლტზე ამხედრებული" და „ამერიკანკა". ფილმებს შორის არის ასევე ნუცა ღოღობერიძის ფილმი „ბუბა", - აცხადებს ნანა დოლიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner