საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეფექტური საემიგრაციო და სავიზო პოლიტიკის გათვალისწინებით ნორვეგიის საემიგრაციო დირექტორატმა საქართველო ერთი საფეხურით დააწინაურა და იმ ქვეყნების კატეგორიაში გადაიყვანა, რომლის მოქალაქეებისთვისაც სავიზო განაცხადების განხილვის კვოტები გაზრდილია. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„19 ოქტომბერს ნორვეგიის საემიგრაციო დირექტორატმა განაახლა კატეგორიების შემადგენლობები და საქართველომ „ნარინჯისფერი კატეგორიიდან" გადაინაცვლა „ყვითელ კატეგორიაში", რაც ნიშნავს რომ ამ ჯგუფში მყოფი ქვეყნების მოქალაქეების მიერ ნორვეგიის სამეფოში სავიზო განაცხადის უმრავლესობა დადებითად კმაყოფილდება.
ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებსაც ნორვეგიაში გასამგზავრებლად ვიზა ესაჭიროებათ ნორვეგიის სამეფო კატეგორიებად ჰყოფს. ამ კატეგორიებში მოხვედრილი ქვეყნების ჩამონათვალი ყოველწლიურად გადაიხედება სხვადასხვა ქვეყანაში გატარებული ეფექტური სავიზო პოლიტიკის, უსაფრთხოების მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული სტაბილური პოლიტიკური ვითარების გათვალიწინებით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.