logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: ცნობილი არტისტების კონცერტებზე ბილეთები სიმბოლურ ფასად გაიყიდება
- +

17 მარტი. 2016. 14:23


კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უცხოეთიდან ჩამოყვანილი ცნობილი არტისტების კონცერტებზე ბილეთები გაიყიდება, თუმცა სიმბოლურ ფასად. მინისტრი ადასტურებს, რომ საქართველოში კონცერტის გამართვის მიზნით რამდენიმე ცნობილ მომღერალთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მინისტრის განცხადებით, ეს ღონისძიებები აპრილიდან დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში სხვადასახვა ფორმატში და ლოკაციაზე გაიმართება:


„აქ საუბარია როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმზე. ჩვენ დაგვევალა, რომ გარკვეული კალენდარი შეგვედგინა იმ ღონისძიებების, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მაღალი კლასის, საერთაშორისო კლასის არტისტების ჩართულობა. როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასეთ სერიოზულ სახეებთან, მოგეხსენებათ, შეთანხმების მიღწევამდე ჩვენ არ გვაქვს უფლება კონკრეტული სახელების დადასტურებულად გამოცხადების. ეს გაწერილია როგორც კონტრაქტის პირობებით, ასევე ეთიკის ნორმად ითვლება ამ სფეროში. შესაბამისად, მე დღეს კონკრეტული სახელების დადასტურებისგან თავს შევიკავებ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პრაქტიკულად, საბოლოო სტადიაშია. დეტალები ზუსტდება მხოლოდ და არა პრინციპული შეთანხმებები.

 

ჩვენ არ ვარ მზად, რომ მთელ ქვეყანაში ამ დონის ღონისძიებები გავმართოთ და ეს ფინანსური თვალსაზრისითაც ძალიან ძვირი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ აქ ვგულისხმობთ  ქართველი შემსრულებლების ძალიან მაღალ ჩართულობასაც. ეს ყველაფერი ტურისტულად უფრო მიმზიდველ იმიჯს კიდევ გაუმაგრებს საქართველოს და როდესაც A კლასის ვარსკვლავების ჩამოყვანაზე ვსაუბრობთ, ეს კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, რადგან ასეთ სახელებს საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მოჰყვება", - განაცხადა გიორგაძემ.


ჟურნალისტების კითხვაზე, უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანის გამო წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ ის ყოველთვის მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ ეს ნამდვილად ხელს უწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდას.

 

„ამ შემთხვევაში თვისობრივი განსხვავება იქნება ის, რომ დიდი საერთაშორისო ვარკვლავების კონცერტების უმრავლესობაზე ბილეთები აუცილებლად გაიყიდება, ეს არ იქნება ღია ცის ქვეშ უფასო კონცერტები. ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების, მოწესრიგებულობის თვალსაზრისით გარკვეული სტანდარტები უნდა შევქმნათ, მაშინ, როცა ვსაუბრობთ უცხოეული ტურისტების მოზიდვაზე. ეს არ შეიძლება იყოს ქაოტურ, უკონტროლო რეჟიმში ჩატარებული ღონისძიებები, თავად არტისტებიც, პირველ რიგში, პოტენციური მაყურებლის უსაფრთხოების საკითხებს აყენებენ წინ, ვიდრე ტექნიკასა და ფინანსურ უზრუნველყოფაზე წავიდოდა საუბარი. ეს არის პრიორიტეტული საკითხი და შესაბამისი უზუნველყოფა სჭირდება, სწორედ ამიტომ ბილეთები გაიყიდება, თუმცა სიმბოლური ფასი იქნება იმისთვის, რომ ამ ღონისძიებებზე დასწრების საშუალება მაქსიმალურად ყველა მსურველს მიეცეს", - განაცხადა გიორგაძემ.


კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები რობი უილიამსთან და ეროს რამაზოტისთან, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა:


„მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, ერთი ან მეორე არტისტი რომ ნამდვილად გამართავს კონცერტს, დღეს ამას ოფიციალურად ვერ ვადასტურებ", - განაცხადა გიორგაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner