logo_geo
eng_logo
შალვა ხაჭაპურიძე: ეს ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფომ თავისი ძლიერი ხელი უნდა გამოაჩინოს!
- +

22 ოქტომბერი. 2016. 16:42



2016 წლის 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ქვემო ქართლში, კერძოდ, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანლებით არის დასახლებული, კინაღამ სისხლი დაიღვარა და, არჩევნების ჩაშლას ვინ ჩივის, ქვეყანა სერიოზულ შიდა კონფლიქტს წკიპზე გადაურჩა.


საქმე ის არის, რომ მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი მხარდამჭერები, რომლებიც მიხვდნენ, რომ არჩევნებს აგებდნენ, 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრასა და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.


ყიზილაჯლოელ ნაცებს „ქართული ოცნების" ადგილობრივი მომხრეები დაუპირისპირდნენ და ხელჩართული ჩხუბიც გაჩაღდა, რა დროსაც, რიგითი მოქალაქეების გარდა, სერიოზულად დაშავდა რამდენიმე პოლიციელიც, რომლებსაც სააკაშისტებმა რიყის ქვები დაუშინეს.


მოკლედ, ერთობ დაძაბული და ფეთქებადსაშიში ვითარების განმუხტვა მას შემდეგღა მოხერხდა, როცა საქმეში სპეციალური დანიშნულების რაზმები ჩაერივნენ.


2016 წლის 13 ოქტომბერს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში სპეცოპერაცია ჩაატარა და ყიზილაჯლოს ინციდენტში მონაწილე 6 პირი დააკავა, რომლებსაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


ცნობილი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მარნეულში პროვოკაციის მომწყობი პირები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, რადგან მათი დანაშაული გაცილებით მძიმეა, ვიდრე, უბრალოდ, საარჩევნო კომისიისთვის მუშაობაში ხელის შეშლა:


- რაც 8 ოქტომბერს მარნეულში მოხდა, ეს არამარტო საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლა იყო, არამედ სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული დესტრუქციული ქმედება, რომელსაც პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს!


რა თქმა უნდა, გამოძიების პრეროგატივაა, საბოლოოდ რა კვალიფიკაციით წარიმართება საქმე სასამართლოში, მაგრამ ერთი რამ ყოველგვარი გამოძიების გარეშეც აშკარაა - მარნეულში მომხდარი ინციდენტი ნაციონალური მოძრაობის მიერ გახლდათ პროვოცირებული!


- რატომ მიგაჩნიათ, რომ რაც მარნეულში მოხდა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო?

 

- მარნეულში ნაცების მოქმედება არამარტო არჩევნების ჩაშლისკენ, არამედ სერიოზული ეთნოკონფლიქტის გაჩაღებისაკენ იყო მიმართული!


დიახ, პირდაპირ გეუბნებით, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს მარნეულში ახალი აფხაზეთი და სამაჩაბლო მზადდებოდა!


კიდევ კარგი, ხელისუფლება დროულად ჩაერია და ეს პროვოკაცია აღკვეთა!


გაიხსენეთ 2003 წლის წინასაარჩევნო პერიოდი, როცა სააკაშვილის მომხრეებმა ბოლნისში ადგილობრივ მოსახლეობას და პოლიციას ქვები დაუშინეს. მაშინ ხელისუფლებას კანონისმიერი მკაცრი ზომები რომ გაეტარებინა და სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დამდგარიყო, ვერც „ვარდების რევოლუცია" მოხდებოდა და ვერც სააკაშვილი მოვიდოდა ხელისუფლებაში!


2016 წლის 8 ოქტომბერს სააკაშვილი და ნაცები მარნეულში იმაზეც კი წავიდნენ, რომ საქართველოს კიდევ ერთი ტერიტორია დაეკარგა, ოღონდ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებულიყვნენ!


- ძალიან მკაცრ შეფასებას აკეთებთ!

 

- რა, ვინმეს ეჭვი შეაქვს იმაში, რომ ნაცები ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველაფერზე წავლენ და თავიანთი ინტერესების გამო ქართულ სახელმწიფოს ყელში დანას გამოუსვამენ?!


ყოჩაღ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ მარნეულის ინციდენტზე ადეკვატური რეაგირება მოახდინა! დიახაც, სპეცრაზმით უნდა შესულიყვნენ და ყველა ეჭვმიტანილი დაეპატიმრებინათ!


დიახაც, ბოლომდე უნდა მოახდევინონ სასჯელი და არავითარი საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმონ!


- ანუ „ნულოვანი" ტოლერანტობა"?

 

- თქვენ მაგ შეკითხვას სარკასტულად მისვამთ, მაგრამ დიახაც, როცა სახელმწიფოს უსაფრთხოებას ეხება საქმე და ქვეყნის მთლიანობას საფრთხე ემუქრება, ხელისუფლებამ მთელი სიმკაცრით უნდა იმოქმედოს, ოღონდ, რა თქმა უნდა, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში!


მარნეულის შემთხვევაზე ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირება რომ არ მოეხდინა, შეიძლებოდა, ეს სხვა რეგიონებსაც გადასდებოდა და არჩევნებს ჩავატარებდით კი არა, ყველაფერი უკან დარჩებოდა ამ ქვეყანას!


როგორც ვიცი, მარნეულის ინციდენტზე 6 კაცია დაპატიმრებული, მაგრამ კიდევ მეტი უნდა დააპატიმრონ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა იმ პროვოკაციაში!


ერთი სიტყვით, მარნეულის ამბავი ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფომ თავისი ძლიერი ხელი უნდა გამოაჩინოს და კანონი მთელი სიმკაცრით აამოქმედოს!


სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ, ნაცებისა თუ „ენჯეოების" განცხადებებს არ აჰყვნენ და მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით ერთი ნაბიჯით არ დაიხიონ უკან!

 

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner